არასაირიგაციო მიზნობრიობით წყლის გამოყენებაზე ტარიფს სემეკის ნაცვლად მთავრობა დაადგენს. ამას ითვალისწინებს „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.
საქართველოს მელიორაცია 2023 წლიდან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულირების ფარგლებშია მოქცეული. არსებული რეგულირების მოდელი მოიცავს როგორც პროფილური (საირიგაციო) წყალმომხმარებლებისთვის წყლის მიწოდებას, ისე არაპროფილური (არასაირიგაციო) წყალმომხმარებლებისთვის წყლის მიწოდებას მათ შორის, აკვაკულტურის, ჰიდროენერგეტიკული და ტექნიკური მიზნებისთვის.
კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო განსხვავებული დანიშნულებისა და სპეციფიკის მქონე წყალმომხმარებლებისთვის ერთიან მარეგულირებელ რეჟიმს ითვალისწინებს და არ ქმნის არაპროფილური წყალმომხმარებლების საქმიანობის თავისებურებებზე მორგებული განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობას.
"შესაბამისად, აუცილებელია პროფილური და არაპროფილური მიმართულებების სამართლებრივი რეჟიმების გამიჯვნა და მათი სპეციფიკის შესაბამისი რეგულირების ჩამოყალიბება.
ეროვნული კომისიის რეგულირების სფეროში რჩება პირველადი წყალმოსარგებლის მიერ პროფილური წყალმომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ურთიერთობები და შესაბამისი სატარიფო რეგულირება, ხოლო არაპროფილური წყალმომხმარებლებისთვის, მათ შორის, აკვაკულტურის, ჰიდროენერგეტიკული და ტექნიკური მიზნებისთვის წყლის მიწოდება გამოეყოფა აღნიშნულ მარეგულირებელ რეჟიმს", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
არაპროფილური წყალმომხმარებლები არიან: ჰესები, ტბორები და საწარმოები, რომლებიც ტექნიკურ წყალს მოიხმარენ. განმარტებითი ბარათის მიხედვით, დღეისათვის შპს საქართველოს მელიორაციას არაპროფილური წყალმომხმარებლებისგან წლიურად შემოსავალი დაახლოებით 4 მლნ ლარი აქვს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შემდეგში შემოსავალი დამოკიდებული იქნება იმ ტარიფზე, რასაც მთავრობა დაადგენს.
























