საქართველოში თხილის აღების სეზონი დაიწყო, თუმცა როგორც მწარმოებლები და ექსპორტიორები ამბობენ, წელს შარშანდელივით მაღალი ფასი არ იქნება. მიზეზი თურქეთია, რომელიც საქართველოში თხილის ფასს განსაზღვრავს და რადგან წელს თურქეთში გაზრდილ მოსავალს ელიან, ეს ქართულ თხილზე მოთხოვნას და შესაბამისად ფასს ამცირებს.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა ამბობს, რომ წელს შარშანდელთან შედარებით 5-7%-ით მეტ მოსავალს ელოდებიან.
კვლავ პრობლემად რჩება აზიური ფაროსანა და თხილის ხმობა, რომელმაც ზაფხულში საგრძნობლად იმატა. მერაბ ჭითანავა ფერმერებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მოსავლის სწორად დაბინავებას, რადგან პროდუქციის საბოლოო ხარისხი სწორედ აგვისტოში მის დროულ შრობასა და საწყობებში განთავსებაზეა დამოკიდებული.
"მოსავლის აღება ახლა ნელ-ნელა იწყება და სრულ ფაზაში ჯერ არ შესულა. სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისიდან უფრო გააქტიურდება. მოსავლის რაოდენობრივ მხარეს რაც შეეხება, შარშანდელთან შედარებით უკეთესი სურათი გვაქვს და თუ ამინდებმაც შეუწყო ხელი, მოსავალი დაახლოებით 5-7%-ით მეტი იქნება.
ფასის ფორმირება, სავარაუდოდ, 10 აგვისტოსთვის დაიწყება. მომავალი კვირის დასაწყისში ველოდებით თურქეთის მთავრობის განცხადებას ფასთან დაკავშირებით, რაზე დაყრდნობითაც ჩამოყალიბდება ფასები საქართველოშიც. ამ ეტაპზე სამეგრელოში სველი თხილი 3.5 ლარად იყიდება, თუმცა ეს არის ადრეულად მოკრეფილი, შედარებით დაბალი ხარისხის თხილი, რომელსაც მოსავლის აღების მიმდინარე ხარჯების დასაფარად ყიდიან. შესაბამისად, ეს არსებულ რეალურ სურათს ვერ ასახავს. ტენიანობაც ძალიან მაღალია და ფაქტობრივად, რთულია იმის განსაზღვრა, რა რაოდენობისა და ფასის პროდუქციის შესყიდვა მოხდება.
მსოფლიო ბაზარი ამჟამად საკმაოდ პასიურია, რადგან ევროპელი პარტნიორებიც თურქეთის ბაზარზე ფასების ჩამოყალიბებას ელოდებიან, რათა კონტრაქტების გაფორმება დაიწყონ. თურქეთის მოსავალს რაც შეეხება, შარშან იქ დაახლოებით 450 ათასი ტონა მოსავალი მოვიდა, წელს 800 ათასი ტონას პროგნოზირებდნენ, თუმცა რამდენიმე დღის წინ თურქეთის მთავრობამ დააანონსა, რომ მოსავალი 700 ათასი ტონა იქნება. ეს მაინც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო ბაზარზე სტანდარტული, ნორმალური მოსავალი გვექნება. იმის გათვალისწინებითაც, რომ თხილის ბაზარზე ახალი მოთამაშეები ამერიკის შეერთებული შტატები და ჩილე შემოვიდნენ, ვფიქრობთ, რომ შარშანდელის მსგავსი დეფიციტი წელს აღარ შეიქმნება, რაც შედარებით სტაბილურ და ნორმალურ ფასებს განაპირობებს.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასები დაბალი იქნება. მოვლილი და მაღალი ხარისხის თხილის ფასი ფერმერისთვის ყოველთვის ადეკვატური და კარგი იქნება. ხოლო მოუვლელი და დაბალი ხარისხის თხილი, შარშანდელის მსგავსად, ისევ 2-3 ლარის ფარგლებში იქნება და მისი ფასი დიდად არ შეიცვლება.
რაც შეეხება მავნებლებთან და დაავადებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ფაროსანას პრობლემა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოშიც დგას. დასავლეთ საქართველოში ასევე საგრძნობლად იმატა თხილის ხმობის პრობლემამ, რაც წელს, ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებით გაიზარდა. სიდამპლისა და ნაცრის პრობლემა გაზაფხულზეც იყო, თუმცა ეს ჩვენი რეგიონისთვის ჩვეული მოვლენაა და განსაკუთრებული მდგომარეობა არ შექმნილა.
პროდუქციის ხარისხი ყველაზე მეტად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად შეძლებენ ფერმერები აგვისტოში მოსავლის აღებასა და მის დაბინავებას საშრობებსა თუ ქარხნებში. თუ ფერმერი თხილს სახლში, ტენიან გარემოში შეინახავს, პროდუქცია ბუნებრივად დალპება. ხოლო თუ ქარხანაში მიიტანს, გააშრობს და საწყობში მოათავსებს, თხილი ხარისხს შეინარჩუნებს", - ამბობს ჭითანავა.
ბოლო სამ წელში თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები თითქმის 92%-ით გაიზარდა. ასე მაგალითად, თუ 2023 წელს საქართველომ 89.5 მლნ დოლარის ღირებულების თხილი გაყიდა, შარშან ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 172 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლით თხილი ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონლის ათეულშია.
ქართული თხილის მთავარი საექსპორტო ბაზრები (2025 წელი):
- იტალია - 36.8 მლნ დოლარი;
- ესპანეთი - 25 მლნ დოლარი;
- საფრანგეთი - 11.4 მლნ დოლარი;
- გერმანია - 11.3 მლნ დოლარი;
- სირია - 8.2 მლნ დოლარი;
2026 წლიდან მთავრობამ „თხილის სუბსიდირების პროგრამა“, რომლის მიზანიც საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა იყო, გააუქმა. თავდაპირველად, პროგრამა ერთწლიანი იყო, თუმცა 2024 და 2025 წლებშიც გაგრძელდა და ჯამურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 68 მლნ ლარი დაიხარჯა. BMG-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში უთხრეს, რომ თხილის სუბსიდირების სახელით ცნობილი პროგრამის განახლებას მთავრობა არ გეგმავს.
კითხვაზე უნდა არსებობდეს თუ არა თხილის სექტორში მსგავსი პროგრამები ჭითანავა ამბობს, რომ ფინანსური დახმარების ახალი მოდელია შესამუშავებელი.
"იმ პროგრამის მიზანი, რომელიც 2022 წელს წარვადგინეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროში და სამი წლის განმავლობაში ფინანსდებოდა, თხილის ფერმერების მხარდაჭერა და მათთვის ბაღების მოვლის საშუალების მიცემა იყო. თუმცა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ამ თანხის ძალიან მცირე ნაწილი ხმარდებოდა რეალურად თხილის ბაღებს. პირველ წელს ფერმერებმა საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეისყიდეს, შემდგომში ეს კომპონენტი აიკრძალა და აქცენტი აგროქიმიკატებზე გაკეთდა, თუმცა ფერმერებმა ამ რესურსის გამოყენება სიმინდისა და სხვა კულტურებისთვის დაიწყეს. ეს გვიჩვენებს, რომ არსებული ფორმატით ეფექტურად ვერ მივაღწიეთ მთავარ მიზანს შეგვემსუბუქებინა ფერმერებისთვის თხილის ბაღის მოვლის ბიუჯეტი და მიგვეცა საშუალება, უფრო კონკურენტუნარიანები ყოფილიყვნენ მსოფლიო ბაზარზე.
შესაბამისად, სრულიად სხვა მოდელია შესამუშავებელი. ვფიქრობ, აქცენტი უნდა გაკეთდეს განათლებაზე, საბრუნავი კაპიტალის ხელმისაწვდომობაზე, თხილის საშრობებსა და იმ შესაბამის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, რომლითაც ფერმერი ბაღს მოუვლის. პირდაპირ დაფინანსებას ფერმერები არამიზნობრივად იყენებენ. აზრი არ აქვს სახელმწიფოსგან ასეთი მასშტაბური ინვესტიციების მოთხოვნას, თუ ეს თანხები კონკრეტულად ჩვენს სექტორს არ მოხმარდება შესაბამისად, ამ ფორმით დაფინანსებაში მეთხილეების ინტერესიც ნაკლებია.
ასოციაციის გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი სარგებელი მაშინ მივიღეთ, როდესაც ფერმერების ცნობიერების ამაღლებასა და დარგის პოპულარიზაციაზე ვმუშაობდით. კერძოდ, 2018-2019 წლებში, ფაროსანას საწინააღმდეგო პროგრამის მიმდინარეობისას, როცა რეგიონებში ფერმერებთან კოლექტიურ შეხვედრებს ვმართავდით, მათ თხილის მოვლის ტექნოლოგიებს ვუზიარებდით და ვუხსნიდით, რა უნდა გაეკეთებინათ საკუთარ ბაღებში და რა შედეგს მიიღებდნენ", - გვეუბნება მერაბ ჭითანავა.




























