საქართველოში წელს თხილის რეკორდულ მოსავალს ელოდებიან. დარგის წარმომადგენლების პროგნოზით, წელს ქვეყანაში წარმოებული თხილის მოცულობა 50 000 ტონას გადააჭარბებს. მიუხედავად მაღალი მოსავლიანობისა, ფასი თხილზე შემცირდება, რასაც გლობალურ ბაზარზე არსებული მდგომარეობა განაპირობებს.
კომპანია „ჯეონათსის“ დირექტორის, ჯენერ ბელქანიას განცხადებით, ჭარბი მოსავალია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თხილის მწარმოებელ სხვა წამყვან ქვეყნებშიც - თურქეთში, ჩილესა და აშშ-ში.
„საქართველოში და მთელ მსოფლიოში ჭარბი მოსავლის მოლოდინია. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა თხილზე მაღალ ფასს ველოდოთ, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული — დამოკიდებულია სხვა პროდუქტზე, კერძოდ ნუშის პროდუქტზე, ფსტაზე და ა.შ.
მსოფლიოში ჭარბი მოსავალი მაღალი ფასის შენარჩუნების შანსებს ამცირებს. ფასზე გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და თურქეთის სახელმწიფო ორგანიზაციის (TMO) მიერ დადგენილი ტარიფები. სავარაუდოა, რომ შარშანდელთან შედარებით წელს თხილის ფასი დაბალი იქნება. რაც შეეხება მოსავლიანობის პროგნოზს, საქართველოში წელს 50 000 ტონაზე მეტ თხილს ველოდებით.“, - აღნიშნავს ბელქანია.
მისივე განმარტებით, მაღალი ფასი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის თხილზე (42-43%-იანი გამოსავლიანობა) შენარჩუნდება, ხოლო დაბალი ხარისხის პროდუქტზე ფასი საგრძნობლად დაიკლებს.
სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ე.წ. „თხილის კიბო“ (ხმობა/ფსევდომონას დაავადება), რომელიც წელსაც აქტუალურია.
რაც შეეხება აზიურ ფაროსანას, ჯენერ ბელქანიას თქმით, წელს მავნებელი შარშანდელთან შედარებით ნაკლებად აქტიურია, თუმცა ის ფერმერებს მოსავლის აღებამდე ბაღების კიდევ ერთხელ შეწამვლისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან აიცილონ თხილის გულის ლპობა და ხარისხის გაუარესება.
“ჯეონათსის” დირექტორის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით მოსავლის აღების პროცესი უკვე დაწყებულია დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში (წყალტუბო, აბაშა), ხოლო სამეგრელოს რეგიონში პროცესი აქტიურ ფაზაში 10 აგვისტოდან შევა.
თხილი საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელია. ბოლო სამ წელში თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები თითქმის 92%-ით გაიზარდა. თუ 2023 წელს საქართველომ 89.5 მლნ დოლარის ღირებულების თხილი გაყიდა, შარშან ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 172 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
შარშან თხილის საბაზრო ფასი დაახლოებით 30-35%-ით იყო გაზრდილი, რადგან თხილის მოსავალი როგორც თურქეთში, ისე საქართველოში შემცირდა, წარმოების კლებამ კი სტაბილური მოთხოვნის ფონზე, ფასი გაზარდა, რაც კილოგრამზე საშუალოდ 10 დოლარს შეადგენდა.




























