17.იანვარი .2023 00:05

წლის უმსხვილესი გარიგებები, შესყიდვები და შერწყმები

წლის უმსხვილესი გარიგებები, შესყიდვები და შერწყმები
views 1082
უკან

გასული 2022 წელი გლობალური ბირჟებისა და კომპანიებისთვის გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა. მიუხედავად მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად გაუარესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობისა, რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო კომპანია არ მოერიდა გაფართოების სტრატეგიის განხორციელებას და სხვა კომპანიის შეძენა გადაწყვიტა.

გთავაზობთ 2022 წლის უმსხვილეს გარიგებებს, შერწყმებსა და შესყიდვებს:


1. Microsoft x Activision-Blizzard | $69 მლრდ

რეიტინგის სათავეში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ია, რომელმაც გასულ წელს ვიდეო თამაშების მწარმოებელი სტუდია Activision-Blizzard-ი რეკორდულ 69 მილიარდ დოლარად შეიძინა.

აღნიშნული ტრანზაქციის წყალობით, Microsoft-ი კომპიუტერული თამაშების გლობალური ინდუსტრიის რიგით მეორე უმსხვილესი მოთამაშე გახდა, რა თქმა უნდა, კომპანია Sony-ს შემდეგ.

საგულისხმოა, რომ გარიგების დეტალებს ამჟამად ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის კონკურენციის სამსახურები სწავლობენ და არ არის გამორიცხული, რომ Microsoft-ს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო სანქცია დაეკისროს.

Activision-Blizzard-ი ისეთ საკულტო თამაშებს ფლობს, როგორიცაა: Call of Duty, Warcraft, Overwatch და Diablo.


2. Broadcom x VMWare | $61 მლრდ

გასული წლის რიგით მეორე უმსხვილესი გარიგებაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიას უკავშირდება, კერძოდ, ნახევარგამტარი ჩიპების მწარმოებელმა Broadcom-მა კომპანია VMWare-ის 61 მილიარდ დოლარად შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

VMWare-ი კომპიუტერული პროგრამებისა და Cloud-სერვისების უზრუნველყოფის სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, Broadcom-ი კი ტექნოლოგიურ-ინფრასტრუქტურული ბაზრის გიგანტი, რომელიც კონკურენციას Cisco-სა და Qualcomm-ს უწევს.

გარიგება ოფიციალურად 2023 წლის მეორე ნახევარში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც კომპანია Broadcom-ი VMWare-ის ექსკლუზიურ სერვისებთან და რესურსებთან მიიღებს წვდომას.


3. ილონ მასკი x Twitter | $44 მლრდ

გასულ წელს მსოფლიოს უმდიდრესმა მეწარმემ, ილონ მასკმა ამერიკული სოციალური ქსელი Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად შეიძინა, რაც კერძო პირის მიერ განხორციელებული რეკორდული ტრანზაქციაა.

გარიგების დასრულების შემდეგ, მასკი Twitter-ის მფლობელი და ერთპიროვნული მმართველი გახდა. მისი გადაწყვეტილებით, კომპანიის დატოვება თანამშრომლების თითქმის 70%-ს უკვე მოუწია.

ილონ მასკის განცხადებით, მისი მიზანი ახალი სუპერ აპის, “X”-ის შექმნაა, რომელიც Twitter-ის 300-მილიონიან მომხმარებელთა ბაზაზე დაშენდება.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმის სტატუსისა, მასკს Twitter-ის შესაძენად საჭირო თანხა ნაღდი ფულის სახით არ ჰქონდა, ამიტომაც მას გასულ წელს 40 მილიარდი დოლარის ღირებულების Tesla-ს აქციების გაყიდვა და თითქმის $15 მილიარდის ვალის აღება მოუწია.


4. Oracle x Cerner | $29 მლრდ

2022 წელს პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა, Oracle-მა 29 მილიარდ დოლარად კომპანია Cerner-ის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო.

Oracle-ის Cerner-ით დაინტერესება იმ ფაქტითაა განპირობებულ, რომ აღნიშნული კომპანია ჯანდაცვის ინდუსტრიაში რევოლუციის მოხდენას და სამედიცინო მომსახურებაში ტექნოლოგიური პლატფორმებისა და სერვისების ინტეგრირებას გეგმავს.

მოგეხსენებათ, რომ Cloud-სერვისებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სექტორში Oracle-ი ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური მოთამაშეა, ჯანდაცვის ინდუსტრია კი სწორედ ის სფეროა, სადაც ანალიტიკოსები გაციფრულების უდიდეს პოტენციას ხედავენ, Oracle-ს კი არ სურს კონკურენტებს ჩამორჩეს და მომდევნო ტექნოლოგიურ რევოლუციას მოუმზადებელი დახვდეს.


5. Kroger x Albertsons | $25 მლრდ

2022 წელის რიტეილ სექტორის უმსხვილესი გარიგება ამერიკული სუპერმარკეტების ქსელების, Kroger-ისა და Albertsons-ის შერწყმას უკავშირდება, აღნიშნული გარიგების მოცულობამ 25 მილიარდი დოლარი შეადგინა და ის აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილმასშტაბიანი შერწყმაა, რომელიც რიტეილ სექტორში მომხდარა.

კომპანიების შერწყმის მიზანი მათი უპირატესობების გაერთიანება და ერთიანი ძალისხმევით ბაზრის უმსხვილესი მოთამაშისთვის, Walmart-ისთვის კონკურენციის გაწევაა.

აღსანიშნავია, რომ გარიგებას ამჟამად ამერიკის კონკურენციის სააგენტო სწავლობს, რადგან ის ბაზარზე კონცენტრაციის გაჩენის რისკებს შეიცავს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.