მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WOLT - პანდემიამ კურიერის ვაკანსიაზე მოთხოვნა გაზარდა

5fad28b919488
თათია კაკიაშვილი
12.11.20 16:18
2740
Covid-19-ის პანდემიის გავლენით 2020 წელს არაერთმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა, რის გამოც ოფიციალურად 100 ათასამდე ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოთხოვნა გაიზარდა ისეთ ვაკანსიებზე, სადაც მუშაობა პანდემიის მიუხედავად გრძელდება.

მიტანის სერვისის კომპანია „ვოლტში“ აცხადებენ, რომ მოთხოვნის ზრდასთან ერთად კურიერების დამატება გახდა საჭირო, ამ პოზიციით კი საკმაოდ ბევრი ადამიანი ინტერესდება.

„დღესდღეობით კურიერის პოზიციით, გამოცდილ კადრებთან ერთად, ინტერესდებიან ის ადამიანებიც, ვისაც საკუთარი პროფესიით მუშაობა პანდემიის გამო დროებით შეჩერებული აქვს, მათ შორის ბევრი კულტურის სფეროს წარმომადგენელია“,- აცხადებს „ვოლტის“ გენერალური მენეჯერი ნატალია ხიზანიშვილი bm.ge-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, “ვოლტი“ მზადაა, ხელი შეუწყოს დასაქმებას და სხვადასხვა მიმართულებით ეტაპობრივად გამოაცხადოს ვაკანსიები.

„მოთხოვნა ამ სერვისზე მუდმივად მზარდია, იმის მიუხედავად, რომ ეს სფერო საქართველოში შედარებით ახალია. აქედან გამომდინარე, მზარდია ჩვენთან დასაქმებაც ბევრი მიმართულებით, მათ შორის ყველაზე ხშირად ვაკანსიები გვაქვს კურიერების და მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდში. ასევე, გავააქტიურეთ ახალი მიმართულება - საცალო, ანუ რითეილ ვაჭრობა, რომელსაც საკმაოდ აქტიურად ვაძლიერებთ. ასევე, ვაკანსიები გვაქვს ე.წ. პარტნიორი კურიერების პოზიციაზე“, - განაცხადა ნატალია ხიზანიშვილმა.

ე.წ. პარტნიორი კურიერების პოზიცია ნიშნავს, რომ ნებისმიერ პირს, ასაკის და სქესის მიუხედავად, შეუძლია, მუშაობა კურიერად დაიწყოს და მას ველოსიპედი ან სკუტერი უნდა ჰყავდეს.