მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვოლტი" კურიერებს კიდევ ერთხელ სთავაზობს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლონ

63eca66e4cc01
ინგა მურუსიძე
15.02.23 13:25
730
"ვოლტი" კურიერებს კიდევ ერთხელ სთავაზობს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლონ. საქმე ის არის, რომ დღეს კურიერებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გამართეს. 

"გვსურს, გამოვეხმაუროთ "ვოლტის" პარტნიორი კურიერების ნაწილის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას. "ვოლტი" თავიდანვე მზადყოფნას გამოთქვამდა აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრასთან დაკავშირებით. თუმცა, აქციის მონაწილეებმა ვოლტის მიერ შეთავაზებულ ფორმატზე უარი განაცხადეს და ითხოვდნენ, მოლაპარაკების პროცესს დასწრებოდა უკლებლივ ყველა კურიერი, ვინც აქციაზე იმყოფებოდა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი შეთავაზება რჩება ძალაში და მზად ვართ, უშუალოდ ორგანიზატორებისგან მოვისმინოთ მოთხოვნები და განვიხილოთ პრობლემების გადაჭრის გზები. თუმცა, მსგავს შეხვედრაზე 200-მდე ადამიანის დასწრება შედეგს ვერ გამოიღებს და ვერ იქნება კონსტრუქციული. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთავაზობთ აქციის ორგანიზატორებს, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლას, კომპანიის ოფისში შეხვედრას და აქციის მონაწილეთა მოთხოვნების განხილვას.

რაც შეეხება აქციის მონაწილეთა განცხადებას, გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის შესახებ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ 5 თებერვლის შემდეგ, არც ერთი პარტნიორი კურიერი, არავითარი მიზეზით, პლატფორმიდან არ დაბლოკილა. ჩვენ პატივს ვცემთ მათ მიერ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლებას.

ასევე, მზაობა გამოვთქვით, ვითანამშრომლოთ სახალხო დამცველის აპარატთან და ყველა კითხვას ღიად გავცეთ პასუხი.

ასევე, საჯაროდ გვინდა განვაცხადოთ, რომ 15 თებერვლიდან ვოლტის პლატფორმაზე გაეშვა პარტნიორი კურიერების ანაზღაურების ახალი სისტემა. Სისტემა ითვალისწინებს პარტნიორი კურიერისთვის შეკვეთის ანაზღაურების წინასწარ შეტყობინებას. Შეკვეთის დადასტურებამდე, კურიერს აპლიკაციაში გამოუჩნდება კონკრეტული ტარიფი და უფრო ინფორმირებულად მიიღებს გადაწყვეტილებას, დაეთანხმოს თუ უარი განაცხადოს შეკვეთის განხორციელებაზე.

ჩვენთვის ცნობილია, რომ პარტნიორი კურიერები უკმაყოფილოები იყვნენ ძველი სისტემით, ამიტომ, მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ Google Maps-ის სერვისი. ეს სისტემა უფრო ზუსტად დათვლის კურიერების მიერ განვლილ მანძილს და, შესაბამისად, მეტ სარგებელს მოუტანს მათ.

გარდა ამისა, აქტიურ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ სადაზღვევო კომპანიასთან, რათა გავაუმჯობესოთ პარტნიორი კურიერების დაზღვევის პირობები.
ეს პროცესები არ დაწყებულა მას შემდეგ, რაც პარტნიორი კურიერების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. ჩვენ პარტნიორებისა და თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე მუდმივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ორივე მხარისათვის მისაღები იყოს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები