მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვოლტი“ პარტნიორი კურიერების პროტესტს პასუხობს

63eb2c7e83d9d
ვიქტორია მღებრიშვილი
14.02.23 10:48
853

13 თებერვალს „ვოლტის“ პარტნიორმა კურიერებმა სახალხო დამცველს კომპანია „ვოლტში“ განხორციელებული დისკრიმინაციული და შრომითი უფლებების შემლახველი მოქმედებების შესახებ მიმართეს და 15 თებერვალს, 12:00 საათზე სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით კომპანიის ოფისთან მასშტაბური აქცია დაანონსეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, BM.GE-მ მიტანის სერვისის განმახორციელებელ კომპანიას მიმართა. „ვოლტში“ აცხადებენ, რომ მზად არიან ომბუდსმენს სრული ინფორმაცია მიაწოდონ და ყველა კითხვას პასუხები ღიად გასცენ.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ პარტნიორი კურიერების გადაწყვეტილებას, მიმართონ სახალხო დამცველის ოფისს, მათი მოთხოვნის განხილვასთან დაკავშირებით.

ჩვენ პატივს ვცემთ პარტნიორი კურიერების მიერ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლებას, შესაბამისად, ამ მიზეზით, არც ერთი კურიერისათვის ხელშეკრულება არ შეგვიწყვიტავს.

ამ დრომდე, სახალხო დამცველის ოფისს ჩვენთვის არ მოუმართავს, თუმცა ჩვენ მივაწვდით ომბუდსმენს სრულ ინფორმაციას და გვსურს დავაფიქსიროთ კომპანიის ოფიციალური პოზიცია საკითხთან დაკავშირებით.

„ვოლტი“ მზად არის, ნებისმიერ დროს, ყველა კითხვას პასუხი ღიად გასცეს.

ამ ეტაპზე, ჩვენი გუნდისთვის უცნობია, თუ რა კონკრეტული მოთხოვნებით მიმართეს კურიერებმა სახალხო დამცველის ოფისს. ინფორმაციის მიღების შემდეგ, მაქსიმალურად სწრაფად გავაანალიზებთ არსებულ სიტუაციას და უახლოეს დღეებში „ვოლტის“ გუნდის პოზიციას გაგაცნობთ“, - ნათქვამია “ვოლტის“ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები