მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვოლტის“ კურიერების პროტესტი გრძელდება - კომპანიის პასუხი

63f20c3e1eb07
ლიკა მეგუთნიშვილი
19.02.23 16:35
1267
„ვოლტის“ პარტნიორი კურიერების პროტესტი გრძელდება, მორიგი აქცია დღეს 14:00 საათზე გაიმართა.

აქციის ორგანიზატორები „ვოლტ ჯორჯიას“ მენეჯმენტში კონკრეტულ პირებს ანტიკონსტიტუციურ დევნასა და დეჰუმანიზაციაში ადანაშაულებენ და მათ გადადგომას ითხოვენ.

პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, კვლავ კომპანიის წარმომადგენლებთან დიდ დარბაზში შეხვედრაა, სადაც ყველა კურიერის დასწრება იქნება შესაძლებელი.

Bm.ge დაინტერესდა, თუ რა პოზიცია აქვს ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით კომპანიას. Wolt Georgia-ს პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ პარტნიორი კურიერების მცირე ჯგუფის განახლებულ მოთხოვნებს. ვოლტი კიდევ ერთხელ აცხადებს მზაობას, შეხვდეს აქციის მონაწილეებს არა კოლექტიურად, არამედ - 15-20 ადამიანისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებად. მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეთა მიერ მოთხოვნილი ფორმატი არ მოგვცემს სრულფასოვანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის საშუალებას.

გარდა ამისა, არ გვაქვს უფლება, პარტნიორ კურიერებთან არსებული ხელშეკრულება, ან ამ ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებები, დეტალურად განვიხილოთ გარეშე პირების თანდასწრებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ პარტნიორ კურიერს შეუძლია მოითხოვოს შეხვედრაზე მისივე იურისტის დასწრება.

კომპანია "ვოლტი" აქტიურად თანამშრომლობს სახალხო დამცველის ოფისთანაც. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ ვუპასუხოთ ომბუდსმენის ყველა კითხვას. რაც შეეხება კოლექტიური მოლაპარაკებების მოთხოვნას - რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორი კურიერების კმაყოფილება და უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, კანონიერი საშუალება იმისა, რომ მათთან კოლექტიური შეხვედრა გავმართოთ, არ გვაქვს, რადგან პარტნიორი კურიერები არ არიან ვოლტთან კოლექტიურ შრომით ურთიერთობაში.

ჩვენ მზად ვართ, კურიერებთან განვიხილოთ სამუშაო პირობები მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, რადგან სწორედ ასეთი ხელშეკრულება გვაქვს მათთან გაფორმებული. როგორც აღვნიშნეთ, პარტნიორი კურიერების კმაყოფილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კვარტალში ერთხელ, ამ მიმართულებით კვლევასაც ვატარებთ. მაგალითად, 2022 წლის დეკემბერში ჩატარებული კმაყოფილების კვლევის თანახმად, მაჩვენებელი 5-დან 4.6 იყო. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კურიერთა უმეტესობა სამუშაო პირობებით კმაყოფილია, თუმცა, ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ იმ მცირე ჯგუფსაც, რომელსაც განსხვავებული მოთხოვნები აქვს.

აღსანიშნია ისიც, რომ თანამშრომლობის ეს ფორმა პარტნიორი კურიერებისთვისაც მისაღები და სასურველია. მათ საშუალება ეძლევათ, სამუშაო გრაფიკი თავიანთი სურვილის შესაბამისად დაგეგმონ, ასევე, დათანხმდნენ, ან უარი თქვან ამა თუ იმ შეკვეთის შესრულებაზე. შესაბამისად, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მათთვის კომფორტულია. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოლაპარაკების ჩვენ მიერ შეთავაზებულ ფორმატს უკვე არაერთი პარტნიორი კურიერი დათანხმდა. მომავალ კვირაში ჩანიშნულია რამდენიმე შეხვედრა და იმედი გვაქვს, პარტნიორ კურიერებთან შეხვედრები კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაივლის. მოვუწოდებთ პროტესტის დანარჩენ მონაწილეებსაც, დათანხმდნენ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ფორმატს და მათსავე იურისტებთან ერთად განვიხილავთ მათ მოთხოვნებს“, - ნათვამია კომპანიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები