მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევა შიშველი ხელებით არსად ხდება - „ევექსი ჰოსპიტლები“

6084055dd1f79
ლიკა გურაბანიძე
24.04.21 16:44
1559
“ლარის კურსი ჯანდაცვის სისტემაზე ძალიან მოქმედებს, რადგან მედიკამენტების თითქმის სრული ნაწილი და სახარჯი მასალები მთლიანად იმპორტირებულია“, - ამის შესახებ "ევექსი ჰოსპიტლების” გენერალური დირექტორის მოადგილე ეკატერინე ქავთარაძემ #BMGFRIVE-ში სტუმრობისას განაცხადა.



მისივე თქმით, „სწორედ იმპორტდამოკიდებულებამ “ევექსს” 2020 წელს საოპერაციო ხარჯები 18 მილიონით გაუზარდა“. “ნებისმიერი დანახარჯი, რომელიც დოლარზე იყო მიბმული, სამედიცინო დაწესებულებებს ტვირთად დააწვა“, - აღნიშნა ეკატერინე ქავთარაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც „ევექსი ჰოსპიტლების” გენერალური დირექტორის მოადგილე #BMGFRIVE-ში შეეხო, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის არსებული ტარიფების გადახედვაა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში მოქმედმა მსხვილმა კლინიკებმა ჯანდაცვის მინისტრს წერილით მიმართეს. წერილში სექტორი, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას და არსებულ პრობლემებზე საუბარს ითხოვდა. სექტორის უმთავრესი მოთხოვნა საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში არსებული ფასების გადახედვა და ინდექსაცია იყო.

„2012 წელს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა, სადაზღვევო კომპანიებთან რა ფასადაც თანამშრომლობდნენ ჰოსპიტლები, ის ფასები გახდა საყოველთაო ჯანდაცვის ტარიფიკაციის ფორმულის საფუძველი. უკვე 9 წელი გავიდა და ლარის კურსის დოლართან მიმართებით გაუფასურებას და ასევე ინფლაციას რომ თავი დავანებოთ, არ შეიძლება, 9 წლის განმავლობაში ტარიფი გადასახედი არ ყოფილიყო. ამასთან, როგორ შეიძლება, სახელმწიფომ ეს თანხები უფრო ეფექტიანად ხარჯოს, ამაზე სახელმწიფოს თავისი პოლიტიკა აქვს გაჟღერებული, რომ უნდა არსებობდეს გამჭვირვალე ფორმულა, სადაც როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ხარჯების გაანგარიშების მეთოდოლოგია იქნება გაწერილი”, - აღნიშნა ეკატერინე ქავთარაძემ.

თემაზე საუბრისას „ევექსი ჰოსპიტლების” გენერალური დირექტორის მოადგილემ სამედიცინო დაწესებულებებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც ბუნებრივია, ხარჯებთანაა დაკავშირებული და ლოგიკურად სერვისის ფასშიც აისახება.

“ჯანდაცვა ისეთი რესურსტევადი დარგია, რომ თუ გვინდა, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გავწიოთ, ეს შიშველი ხელებით არსად აღარ ხდება. აუცილებელია, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მნიშვნელოვანია, რომ სერვისის ტარიფი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, სერვისის განვითარების შესაძლებლობას ითვალისწინებდეს. აპარატურის ცვეთის გათვალისწინება ტარიფში ძალიან ხშირად არ ხდება და ეს არის პირდაპირი ნაბიჯი იმისკენ, რომ დარგის განვითარება შეაფერხო. იქ სადაც სახელმწიფო არ ზრუნავს და ალბათ არც უნდა იზრუნოს აპარატურის შემოტანაზე და კერძო კლინიკების აღჭურვაზე, მნიშვნელოვანია, სერვისის ტარიფი ამორტიზაციის ცვეთის ხარჯებს ითვალისწინებდეს“, - განმარტა ეკატერინე ქავთარაძემ.

"ივნისის ბოლოს კლინიკების ტარიფებთან დაკავშირებით ახალი მოდელი გვექნება“ - გაბუნია