მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხათუნა სალუქვაძე: სასურველია, დიპლომატების საყოფაცხოვრებო დეტალების მოგვარება უფრო სისტემურად ხდებოდეს

5dbee6b9a2410
თელარა გელანტია
03.11.19 20:02
2501
„სასურველია, დიპლომატების საყოფაცხოვრებო დეტალების მოგვარება უფრო სისტემურად ხდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ეს სხვა ქვეყნების დიპლომატიურ სამსახურებშია. მაგალითად, ელჩის რეზიდენციით უზრუნველყოფის საკითხი, რაც უფრო დაცულს ხდის როგორც პირადად დიპლომატს, ისე - ქვეყნის ინტერესებს“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ლიეტუვაში ხათუნა სალუქვაძემ განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ დღეს, ლიეტუვას მედია-გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვილნიუსის სასამართლომ საქართველოს ყოფილ ელჩს ლიეტუვაში ხათუნა სალუქვაძეს ბინის ქირის და სხვა ჯარიმების გადახდა დააკისრა, მაგრამ ქართველი დიპლომატი გადაწყვეტილებას არ ცნობს.

კერძოდ, Lietuvos rytas-ის ინფორმაციით, 2019 წლის ივლისის ბოლოს, ხათუნა სალუქვაძეს ვილნიუსის სასამართლომ ბინის მეპატრონე მანუელ რუიზა გარსიასთვის 8 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ასევე, ქართველ დიპლომატს 150 ევროს ჯარიმის და სასამართლოს მომსახურების მოსაკრებლის სახით 1,200 ევროს დაფარვა დაავალდებულეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხათუნა სალუქვაძეს bm.ge ესაუბრა. მისი შეფასებით, „ამბავი საყოფაცხოვრებოა“ და არა - სკანდალური.

ყოფილი ელჩი ამბობს, რომ ის ამჟამად საქართველოშია და შესაძლოა, ბინის მფლობელმა, მართლაც შეიტანა სარჩელი სასამართლოში.

„როგორც ჩანს, ვიღაცამ გადაწყვიტა ჩემი რეპუტაციის დაზიანება, რადგან თავად ისტორია საყოფაცხოვრებოა, მაგრამ სავარაუდოდ, გარკვეულმა დაინტერესებულმა ძალებმა მისი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა გადაწყვიტეს. საქმე იმაშია, რომ როდესაც ქართველი დიპლომატების ელჩად მივლინება ხდება ამა თუ იმ ქვეყანაში, იქ ჩვენ როგორც ფიზიკური პირები ისე ვქირაობთ საცხოვრებელ ბინას. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. შემდეგ მოხდა ისე, რომ ლიეტუვაში ჩემი ელჩად მუშაობის დასრულების ვადებმა რამდენჯერმე გადაიწია, ამიტომ მომიწია ვილნიუსში დარჩენა და როგორც ელჩი ჩვეულებრივ ვმუშაობდი. შესაბამისად, ვცხოვრობდი იმ ბინაში, რომელიც უკვე 5 წელი ნაქირავები მქონდა და კონტრაქტის მიხედვით დეპოზიტზე რამდენიმე თვის ქირა წინასწარ იდო, რომელიც ბოლო თვეებში შესაძლებელია ქირის გადასახდელად მიიმართოს.

ვინაიდან ლიეტუვადან ჩემი წამოსვლის ვადა რამდენჯერმე შეიცვალა 3-4 თვის ვადით, ბინის მეპატრონე ესპანეთის მოქალაქემ ეს ფაქტი გამოიყენა იმისთვის, რომ მოეთხოვა ახალი, გაზრდილი გადასახადი, ამან პრაქტიკულად მისი მხრიდან გამოძალვის სახე მიიღო, როდესაც მან გადაწყვიტა დიპლომატიური სენსიტიურობა დამატებითი შემოსავლის წყაროდ გამოეყენებინა; რადგან ახალ კონტრაქტს ვერ დავდებდი იმის გამო, რომ წამოსვლის ვადა გაურკვეველი იყო, დარჩენილი თვეების განმავლობაში ქირის გადახდა ჩვეულებრივ ხდებოდა - მეპატრონე იღებდა არსებული კონტრაქტით განსაზღვრულ ქირას, რადგან კონტრაქტის მიხედვით, დეპოზიტზე რამდენიმე თვის ქირა წინასწარ იდო და ბუნებრივია, გამორიცხული იყო თანხის გადაუხდელობის და „გადაგდების“ მომენტი.

შემდეგ უკვე საქართველოში წამოვედი და შეიძლება, სასამართლოში მართლაც შეიტანა სარჩელი, რადგან ბინის მეპატრონე ესპანეთის მოქალაქისთვის ეს გახდა ფულის გამოძალვის წყარო, მაგრამ მე რაც გადასახდელი მქონდა, ის გადახდილი მაქვს“, - განაცხადა ხათუნა სალუქვაძემ და დასძინა, რომ მისი ბინის მეპატრონესთან დამატებითი უკმაყოფილების წყარო ძარცვის ფაქტიც გახდა.

„ბინაში ჩემი ცხოვრების ბოლო პერიოდში მოხდა უაღრესად არასასიამოვნო ფაქტი - ბინაში შემოვიდა მძარცველი, როდესაც ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი სახლში იმყოფებოდა და მოხდა ძარცვა. ვილნიუსის პოლიცია ამ საქმეს იძიებს. აქედან გამოდინარე, ბუნებრივია, ბინის მეპატრონესთან გამიჩნდა უსაფრთხოებასთან და დაუცველობასთან დაკავშირებული პრეტენზია, რაზეც ზემოაღნიშნულმა ესპანეთის მოქალაქემ თანამშრომლობა არ მოისურვა და ეს ფაქტი დამატებითი უკმაყოფილების წყაროდ იქცა“, - აღნიშნა ყოფილმა ელჩმა.

რაც შეეხება იმას, ჩააყენა თუ არა თავის დროზე ამ ყველაფრის საქმის კურსში ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატი ამბობს, რომ საგარეო უწყება საქმის კურსში იყო როგორც ბინის მფლობელი ესპანეთის მოქალაქის მიერ დამატებითი თანხების მოთხოვნის შესახებ, ასევე ამ ბინაში საქართველოს ელჩის გაძარცვის თაობაზე.

„იმედი მაქვს, ეს შემთხვევა ხელს შეუწყობს დიპლომატების როტაციის სისტემის სწორედ ამ კუთხით დახვეწას“, - აცხადებს ხათუნა სალუქვაძე.