მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს კანდიდატის სტატუსი ჩვენი უალტერნატივო მიზანია, ამას ვამბობ, როგორც ქართველი ერის ხმა - პრეზიდენტი

642a9656a1d54
თამთა ჯიჯავაძე
03.04.23 13:03
911
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ჩვენი უალტერნატოვი მიზანია - ამას ვამბობ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც ქართველი ერის ხმა, - ამის შესახებ ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ცოტა ხნის წინ მას ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ უმასპინძლა, მოგვიანებით კი ერთობლივი ბრიფინგიც გაიმართა.

„საქართველომ და ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ამ დღეეებში და არაერთხელ გასული წლების მანძილზე დაამტკიცა ევროპული ფასეულობებისადმი ურყევი ერთგულება. საქართველოს მოსახლეობის 80%-ის არჩევანი ევროინტეგრაციაა. ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციითაა გამყარებული. გასული ათწლეულის მანძილზე, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე უდიდესი ძალისხმევა გასწია. გვქონდა მრავალი წარმატება, თუმცა სირთულეც ბევრი იყო და არის დღესაც. 2022 წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება იყო ისტორიული გადაწყვეტილება, ეს იმას ნიშნავდა, რომ ის გეოგრაფიული კედელი, რომელიც ჩვენს და ევროპას შორის იყო აღმართული, საბოლოოდ დაინგრა და კითხვა - საქართველო ეკუთვნის თუ არა ევროპულ ოჯახს და პერსპექტივას, უკვე აღარ არსებობს. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა.

დღეს კი კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მოპოვება არის ჩვენი უალტერნატივო მიზანი, ამას ვამბობ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც ხმა მთელი ქართველი ერისა. დღეს საქართველოს საზოგადოება კონსოლიდირებულია ევროინტეგრაციის იდეის ირგვლივ. ბატონო პრეზიდენტო, 14 მარტს ევროპარლამენტისადმი მიმართვაში, თქვენ საქართველოს ევროპულ მომავალს მხარი დაუჭირეთ და ამისთვის ჩემი უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო, რამეთუ ლიეტუვა იმ ადგილას დგას, სადაც იდგა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ამ გზაზე გვიჭერს მხარს. საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას. საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს იქნება ერთობლივი გამარჯვება და ევროპის სიძლიერისა და ერთობის კიდევ ერთი დადასტურება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ანტაკალნისის სასაფლაოზე ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და ლიეტუვის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმს დაათვალიერებს.

საქართველოს პრეზიდენტი და ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის უკრაინის ომის პერიოდში გახსნილ "უკრაინულ ცენტრს" ეწვევიან.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის დეპუტატები: ალექსანდრე ელისაშვილი და თეონა აქუბარდია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები