15 მაისს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე, სამ კოლეგასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევა.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მასთან ერთად საქართველოს ეწვევა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან, პარლამენტის წარმომადგენლებთან, საპარლამენტო ოპოზიციასთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად.
შეხვედრებზე განიხილება საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ამასთან, ოფიციალური პირები აპირებენ აზრების გაცვლას საქართველოს რეფორმების პროცესებზე ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესთან დაკავშირებით და რუსეთის მხრიდან საფრთხის მიმართ მდგრადობის გაძლიერებაზე.