ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელორუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ 1 ოქტომბერს განაცხადა.
"რუსეთი თავს ესხმის უკრაინულ პორტებს, ბლოკავს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს და შემდეგ საკუთარი მარცვლეულისთვის ახალ მარშრუტებს ეძებს. ესტონეთი ასეთ მარშრუტს არ დაუთმობს", - დაწერა ცაჰკნამ სოციალურ ქსელ "X"-ში.
საქმე ისაა, რომ რუსეთს, რომელიც მსოფლიოში ხორბლის წამყვანი ექსპორტიორია, რუსულ პორტებზე უკრაინული დრონების თავდასხმების ფონზე შავი ზღვის გავლით მარცვლეულის გატანა სულ უფრო უჭირს, რის გამოც იძულებულია ალტერნატიულ გზებს დაეყრდნოს.
რუსული მარცვლეულის ნაწილი რუსეთის ბალტიისპირა პორტებსა და ლატვიისა და ლიეტუვის ტერმინალებში გადამისამართდა, თუმცა ამ ინფრასტრუქტურას იმ მოცულობის მხოლოდ 10%-ის დამუშავება შეუძლია, რაც ჩვეულებრივ სამხრეთის პორტებზე მოდის.
როგორც ესტონური მედია იტყობინება, რუსეთსა და ბელარუსს მარცვლეულის ექსპორტისთვის ესტონეთი აქამდე არ გამოუყენებიათ, თუმცა ეს ნაბიჯი მომავალში მსგავსი მცდელობების პრევენციას ისახავს მიზნად.
"ლატვიასთან და ლიეტუვასთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბალტიისპირეთის პორტები რუსეთისთვის სატრანზიტო მარშრუტად არ იქცეს", - აღნიშნა ცაჰკნამ.
მანამდე ლატვიამ განაცხადა, რომ რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოსულ მარცვლეულზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს.
ტალინი ასევე პირობას დებს, რომ ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად იმუშავებს იმ მარცვლეულის ექსპორტის აღსაკვეთად, რომელიც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოიპარა.
























