რუსეთმა აზოვის ზღვის გავლით მარცვლეულის გადაზიდვა სამთვიანი პაუზის შემდეგ განაახლა. Bloomberg-ის ცნობით, მოსკოვმა მარცვლეულით დატვირთულ გემებზე ნებართვების გაცემა უკვე დაიწყო, ერთ-ერთმა ხომალდმა კი ქერჩის სრუტე წარმატებით გაიარა.
ინფორმაციისთვის, რუსულმა მხარემ დონ-აზოვის არხში ნავიგაცია 10 ივლისს, უკრაინული დრონების იერიშების გამო შეაჩერა. საზღვაო მიმოსვლის შეჩერებამ რუსეთის საექსპორტო ინფრასტრუქტურას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. მაგალითად, მარცვლეულის ექსპორტის შეფერხების გამო, კრასნოდარის მხარეში სექტემბერში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ცნობისთვის, აზოვის ზღვა მოსკოვისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო დერეფანია. ის სამხედრო ლოგისტიკასთან ერთად ნავთობის, ფოლადისა და მარცვლეულის საექსპორტოდ აქტიურად გამოიყენება.
























