მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესტონეთი ბავშვების ონლაინუსაფრთხოების ევროპულ კამპანიას უერთდება, თუმცა სოც. ქსელების აკრძალვა არ სურს

ესტონეთი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა ექსპერტებს დაავალა, ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სოციალური მედიისა და სათამაშო გარემოს ნეგატიური გავლენის შესამცირებლად საჭირო ზომები შეიმუშაონ - ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ევროპის ქვეყნებში სოციალური მედიის კონტროლის გაძლიერების ფონზე მიიღეს.

ათი ექსპერტისგან შემდგარ საკონსულტაციო საბჭოს - რომელშიც როგორც ეროვნული ახალგაზრდული საბჭოს წევრები, ისე ნეირომეცნიერები და კლინიკური ფსიქოლოგები შედიან - მომავალ წლამდე აქვს ვადა, რათა სახელმწიფოს, მშობლებისა და ახალგაზრდებისთვის რეკომენდაციები მოამზადონ.

მიზანი ისეთი გადაწყვეტილებების შემუშავებაა, რომლებიც აღიარებენ ციფრული გარემოს მნიშვნელობას ახალგაზრდების ყოველდღიურობაში, თუმცა, ამავდროულად, რისკების შემცირებაზეც იზრუნებენ.

ექსპერტების მუშაობა ფოკუსირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პოტენციური რისკების იდენტიფიცირებაზე, პრობლემური ციფრული მოხმარების პრევენციაზე, ცნობიერების ამაღლებასა და უსაფრთხო ციფრული გარემოს შექმნაზე იქნება, რომელიც უკეთ დაიცავს ბავშვების უფლებებსა და კეთილდღეობას.

"შფოთვა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ახალგაზრდებში სერიოზული და მზარდი საფიქრალია" - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ბელგიამ, ბულგარეთმა, დანიამ და ესპანეთმა, უკვე დააწესა ან განიხილავს შეზღუდვებს ახალგაზრდებისთვის სოციალური მედიის მოხმარებაზე. მიხალს კი სჯერა, რომ "აკრძალვებზე მნიშვნელოვანია ისეთი გადაწყვეტილებების მოძებნა, რომლებიც რეალურად დაეხმარება ჩვენს ახალგაზრდებს".

ბოლოდროინდელი კვლევები ესტონეთში ახალგაზრდების ონლაინგამოცდილებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს. ტარტუს უნივერსიტეტის 2025 წლის კვლევის თანახმად, მოსწავლეები სულ უფრო ხშირად აწყდებიან შემაშფოთებელ შინაარსს, სექსუალური ხასიათის შეტყობინებებსა და ინტერნეტის ჭარბ მოხმარებას. კვლევამ ასევე გამოავლინა კავშირი ბავშვების ფსიქიკურ მდგომარეობასა და ონლაინბულინგს შორის.

ჯანმრთელობის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, 2022 წელს 11-დან 15 წლამდე მოზარდების 8%-ს სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების სიმპტომები აღენიშნებოდა, რაც 2018 წელთან (6%) შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფად 13 წლის გოგონები დასახელდნენ.

კვლევამ აჩვენა, რომ გოგონების 63% და ბიჭების 47% სოციალურ ქსელებში დღეში მინიმუმ ორ საათს ატარებს. ელექტრონული მედიის ხანგრძლივი მოხმარება ასოცირდება ცხოვრებით კმაყოფილების დაბალ დონესთან, ძილის ნაკლებობასთან, დაბალ აკადემიურ მოსწრებასა და ხშირ დეპრესიულ ეპიზოდებთან.

რატომ იკრძალება სოციალური ქსელები არასრულწლოვნებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები