მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია და ავსტრია TikTok-ის ევროპულ საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ

tiktok

გერმანიამ და ავსტრიამ TikTok-ის ევროპული ბიზნესის ევროპულ მფლობელობასა და კონტროლში გადაცემა მოითხოვეს. მათი განმარტებით, მხოლოდ რეგულაციებით შეუძლებელია იმ შესაძლო რისკების აღმოფხვრა, რომლებიც მონაცემებზე წვდომასა და ალგორითმებთან არის დაკავშირებული.

გერმანიის კულტურისა და მედიის მინისტრ ვოლფრამ ვაიმერის განცხადებით, "ჩინური მფლობელობის ქვეშ მყოფი სოციალური პლატფორმა "ევროპისთვის უსაფრთხოების პოლიტიკის ფუნდამენტურ რისკებს" შეიცავს".

ერთობლივ განცხადებაში პოლიტიკოსებმა ბლოკს მოუწოდეს, შეიქმნას "ევროპული მფლობელობის სტრუქტურა TikTok-ის ევროპული ბიზნესისთვის და დაწესდეს ევროპული პასუხისმგებლობა მთავარ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე - სარეკომენდაციო ალგორითმით დაწყებული, მონაცემებზე წვდომით დასრულებული".

განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანია და ავსტრია აღნიშნული ინიციატივისთვის ევროკავშირის მასშტაბით მხარდაჭერის მოპოვებას 2 დეკემბერს, ბრიუსელში, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის საბჭოს შეხვედრაზე შეეცდებიან.

თავიანთ განცხადებაში გერმანიამ და ავსტრიამ ევროპის ყველა სახელმწიფოს მოუწოდეს, ამ ინიციატივას შეუერთდნენ. Politico-ს ცნობით, მოწოდებას ევროპის ხუთი ქვეყნიდან რამდენიმე ინვესტორი უკვე გამოეხმაურა, რაც TikTok Europe-ის საქმიანობაზე საკონტროლო პაკეტის შესაძენად 25 მილიარდი ევროს ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას აჩენს. ამასთან, გარიგებაში ინვესტორის სახით ჩართვის სურვილი გერმანულმა საგამომცემლო ჯგუფმა Axel Springer-მაც გამოთქვა, რომელიც თავად Politico-ს მფლობელია.

მიმდინარე თვეში დადგინდა, რომ TikTok-მა ევროპის "ციფრული მომსახურების შესახებ აქტი" (DSA) დაარღვია, რადგან მისი სარეკომენდაციო სისტემა მომხმარებლებს პოტენციურად საზიანო კონტენტს სთავაზობს. ვაიმერმა და პრიოლმა განაცხადეს, რომ რეგულაცია პასუხს არ სცემს "ძირითად შეკითხვას - ვინ აკონტროლებს რეალურად პლატფორმას".

"TikTok-ი უკვე აღარ არის სათამაშო, ის ჩვენი დემოკრატიის ინფრასტრუქტურის ნაწილია. ეს ინფრასტრუქტურა კი არ უნდა დარჩეს გეოპოლიტიკური სისტემური მეტოქის ხელში", - აღნიშნა პრიოლმა.

TikTok-ის ჩინურმა მფლობელმა კომპანია ByteDance-მა იანვარში პლატფორმის ამერიკულ ოპერაციებზე კონტროლი იმ ერთობლივ საწარმოს გადასცა, რომელშიც საკონტროლო პაკეტს ამერიკული მხარე ფლობს, რაც შეერთებულ შტატებში აპლიკაციის შესაძლო აკრძალვის საპასუხოდ მოხდა.

ვაიმერმა მაისში განაცხადა, რომ "ღრმად არის დარწმუნებული იმაში, რომ ევროპამ ამერიკულ მაგალითს უნდა მიბაძოს და კომპანიის მფლობელობის სტრუქტურა განხილვის საგანი უნდა გახდეს".

TikTok-მა ინიციატივა უარყო და მას "სრულიად უსაფუძვლო" უწოდა. კომპანიის განცხადებით, ეს მოთხოვნა უგულებელყოფს ევროპულ მოქმედ კანონმდებლობას, ისევე როგორც კომპანიის 12 მილიარდი ევროს ღირებულების მონაცემთა უსაფრთხოების პროგრამას - "Project Clover"-ს.

TikTok-ში ასევე აღნიშნეს, რომ მის ევროპულ საქმიანობას ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიები მართავენ და ისინი ევროპულ კანონმდებლობას ექვემდებარებიან, ხოლო მშობელი კომპანია ByteDance-ის უმრავლეს წილს გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები ფლობენ და მასში ჩინეთის მთავრობას წილი არ გააჩნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები