ნორვეგია 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის შემოღებას გეგმავს - მთავრობამ მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ კანონპროექტზე მუშაობას ასრულებს და მას პარლამენტს წლის ბოლომდე წარუდგენს.
მთავრობის განცხადებით, ტრადიციული სოციალური მედიის პლატფორმების გარდა, შემოთავაზებული შეზღუდვები პოტენციურად საზიანო ონლაინთამაშებსა და მესენჯერებზეც (შეტყობინებების გაგზავნის სერვისებზე) გავრცელდება.
შემოთავაზებული კანონის რეგულაციაში, სავარაუდოდ, მოხვდება TikTok-ი, Snapchat-ი და Roblox-ი - პოპულარული ონლაინ სათამაშო პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს თამაშების შექმნა და ერთმანეთთან კომუნიკაცია შეუძლიათ.
"ბავშვების უსაფრთხოება პირველ ადგილზე უნდა იდგეს", - განაცხადა ნორვეგიის ბავშვთა და ოჯახის საკითხთა მინისტრმა ლენე ვოგსლიდმა და დასძინა, რომ კანონპროექტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.
შეზღუდვების მიზანი ბავშვების მავნე კონტენტისგან, დამოკიდებულების გამომწვევი ფუნქციებისგან, უკანონო რეკლამისა და უცნობი პირებისგან არასასურველი კონტაქტისგან დაცვაა.
თავდაპირველად მოსალოდნელი იყო, რომ ონლაინთამაშებსა და მესენჯერებზე ფართო გამონაკლისები დაწესდებოდა, თუმცა ახლა მთავრობამ გადაწყვიტა, პლატფორმები ბავშვებისთვის მათი პოტენციური რისკების მიხედვით შეაფასოს. ეს ნიშნავს, რომ ისეთი უსაფრთხო სერვისები, როგორიც სასკოლო კომუნიკაციისთვის განკუთვნილი შეტყობინებების აპლიკაციებია, კვლავ ხელმისაწვდომი დარჩება.
მომხმარებელთა ასაკის გადამოწმებაზე პასუხისმგებლობა ტექნოლოგიურ კომპანიებს დაეკისრებათ, მათი სისტემები კი ევროპულ მონაცემთა დაცვის წესებს უნდა შეესაბამებოდეს.
ნორვეგიის მემარცხენე-ცენტრისტულმა ლეიბორისტულმა მთავრობამ კანონპროექტი 2025 წელს გამოაქვეყნა და სოციალური მედიის გამოყენების მინიმალურ ასაკად თავდაპირველად 15 წელი განსაზღვრა, მიმდინარე წლის აპრილში კი ზღვარი 16 წლამდე გაზარდა. კანონმდებლობამ მას შემდეგ საჯარო კონსულტაციები გაიარა როგორც ნორვეგიაში, ისე ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA).
ონლაინუსაფრთხოებასა და ციფრულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე, ნორვეგია უერთდება იმ ევროპულ ქვეყანათა მზარდ ჩამონათვალს, რომლებიც ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომას ზღუდავენ.
მსგავსი შეზღუდვები მიიღო დანიამაც, ესპანეთი კი 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის აკრძალვის დაწესებაზე მუშაობს.
სექტემბერში საფრანგეთმა სცადა სოციალური მედიის აკრძალვა 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, თუმცა ქვეყნის საკონსტიტუციო საბჭომ ეს ინიციატივა სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული წუხილების გამო დაბლოკა.
ევროკავშირის დონეზე კი ევროკომისიამ სექტემბერში საკანონმდებლო ინიციატივა EU Kids Act წარადგინა, რომელიც ასევე ითვალისწინებს ასაკობრივ შეზღუდვებს სოციალურ მედიაზე, ონლაინთამაშებსა და სხვა ციფრულ სერვისებზე.
























