საქართველოს აქვს ლიეტუვის, ევროკავშირის იმედი. თუ ერთად დავდგებით, არა მხოლოდ საქართველოს გადავარჩენთ, შევინარჩუნებთ ევროპის ერთიანობას და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ საჭიროა შავი ზღვის და კავკასიის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია რუსეთის და ჩინეთის ექსპანსიის წინააღმდეგ.
"ამ სტრატეგიას სჭირდება პარტნიორი და ერთადერთი ხელმისაწვდომი პარტნიორი სტაბილური და დემოკრატიული საქართველოა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხში პროგრესი შესაძლებლობას აჩენს ძლიერი და მშვიდობიანი კავკასიისთვის და ამას ასევე სტაბილური და დემოკრატიული საქართველო სჭირდება", - თქვა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საუბრები ევროკავშირის მზაობაზე შეჩერებული პროგრამების დახმარებების მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადამისამართების შესახებ რეალობად უნდა იქცეს.
"დრო იწურება და ამ დრომდე მიღებული რეპრესიული კანონები უფრო და უფრო მეტ კარს კეტავს. თქვენ ახალი გზები უნდა იპოვოთ დახმარების აღმოსაჩენად. ჩვენი მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოების არსებობის საკითხი სასწორზე დევს. ჩემი მთავარი გზავნილი ისაა, რომ ეს არაა მხოლოდ საქართველოს დაცვა, ესაა ევროპის სტრატეგიული მომავლისა და წარმატების საკითხი",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.