მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძე ამბობს, რაღაცები გადავარჩიეო, რა გადაარჩია, ქიშმიშები ამოიღო? - კალაძე "პროგრეს ბანკზე"

5da8c30839c8d
BM.GE
17.10.19 23:48
5566
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, "პროგრესს ბანკს" არანაირი შეხება ფულის გათეთრებასთან არ ჰქონია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე იტყუება და არანაირი აუდიტორული დასკვნა არ ჩატარებულა.


საქმე იმაშია, რომ  რამდენიმე დღის წინ „მთავარი არხის“ ეთერში მამუკა ხაზარაძემ გაიხსენა 2016 წელიც, როცა „თიბისი ბანკი“ „რესპუბლიკა ბანკის“ შეძენას გეგმავდა, მაგრამ მისი მტკიცებით, მაშინ ეროვნულმა ბანკმა ტრანზაქცია უმიზეზოდ შეაჩერა. ხაზარაძის თქმითვე, აღნიშნული საკითხი მან ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი საუბრისას წამოჭრა, რა დროსაც ივანიშვილმა მას უთხრა, რომ თუ „პროგრეს ბანკსაც“ იყიდდა, იქნებ ეს საკითხიც გამოსულიყო, თუმცა "პროგრეს ბანკის" აუდიტორული შემოწმების შემდეგ ფულის გათეთრებაზე გაჩნდა ეჭვი.


„ვისაც ბანკთან აქვს გარკვეული შეხება და ცოტა ერკვევა, ვერ დამისახელებთ ვერცერთ ბანკს მსოფლიოში, არამარტო საქართველოში, რომლის პორტფელში არ იყოს მაგალითად, ცუდი კრედიტები... მაგალითად, ის კომპანიები, ვინც ვერ ემსახურება სესხს... ან პირიქით... არ არსებობს ასეთი რამ. ამიტომ ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, გაუგებარი იყო ჩემთვის. ტრანზაქციებს რაც შეეხება, საუბარი იყო ერთ-ერთ ჰოლდინგზე BMG Group-ზე, რომელმაც დღეს განცხადება გააკეთა და აუცილებლად მიდიან სასამართლოში, იმიტომ რომ იყო ცრუ ინფორმაცია.. არასწორი ინფორმაცია. რაც შეეხება გადარიცხვებს ოფშორებში, ამას ყველა ბანკი არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში ყოველდღიურად აკეთებს. ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და არანაირი კანონდარღვევა არ არის. თან ის, რომ ბატონი ხაზარაძე გამოდის და იძახის რომ რაღაცები გადავარჩიეო, რა გადაარჩია? რას ნიშნავს, რა ფუნთუშეულია? ქიშმიშები ამოიღო? თუ რა? გაუგებარია.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იტყუება. ჯერ ერთი არანაირი აუდიტორული დასკვნა არ ყოფილა. მე პირადად ჩართული არ ვიყავი 2014 წლიდან, გასხვისებული მქონდა ბანკი.. ის თანამშრომლები, ვინც მუშაობდა, უბრალოდ „პროგრესბანკის“ და „თიბისი ბანკის“ თანამშრომლები იყვნენ.. ვინც ჩართული იყო ამ გადაფორმების პროცესში და შესწავლის პროცესში. არანაირი აუდიტი არ ჩატარებულა. ან თუ არის ჩატარებული და თუ არსებობს ასეთი დოკუმენტი, წარმოადგინოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


შეგახსენებთ: კახა კალაძემ „პროგრეს ბანკი“ 2007 წელს დააფუძნა; 2013 წელს კალაძემ ბანკის საკონტროლო პაკეტი - 78% ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას გადასცა, რომლის უკანაც ბიზნესმენი ილია გავრილოვი იდგა, ბანკის 22%-ის მფლობელი კი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ აქციების ნაწილი მამუკა ხაზარაძემ „ბანკ რესპუბლიკასთან“ ერთად იყიდა.