მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ ტოკიოში ქართულ NFT კოლექცია „Supra3.0“-ს წარადგენენ

6343e367120cf
ვიქტორია მღებრიშვილი
10.10.22 13:26
721
ტოკიოში, 11 ოქტომბერს ბლოქჩეინ ტექნოლოგიის ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეში CryptoBase გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც მონაწილეები ქართულ NFT კოლექციას, სახელწოდებით supra3.0 გაეცნობიან - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საელჩო იაპონიაში ავრცელებს.

მათი ცნობით, Supra3.0 საქართველოს ელჩ თეიმურაზ ლეჟავას მიერ შექმნილი 5000 NFT ნამუშევრისგან შედგება და საქართველოთი დაინტერესებულ იაპონელ საზოგადოებას ქართული კულტურის ელემენტებით დატვირთული NFT ნამუშევრები შეთავაზებას ისახავს მიზნად.

ხაზგასასმელია, რომ Supra3.0 ქართული ტრადიციების, კულტურისა და ისტორიის თემატიკაზე შექმნილ პირველ NFT კოლექციას წარმოადგენს.

NFT-ს მფლობელებს საქართველოში ვიზიტისას ექსკლუზიურ სერვისებზე წვდომა მიეცემათ, რასაც აღნიშნულ პროექტში გაერთიანებული 20-ზე მეტი ქართული კომპანია უზრუნველყოფს, რომლებიც თავის მხრივ საქართველოს ტურიზმის, კულინარიისა და მოდის ინდუსტრიებს წარმოადგენენ“, - ნათქვამია იაპონიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნია, რომ ღონისძიება „იაპონიის ბლოქჩეინ ასოციაციის“ მხარდაჭერით ხორციელდება. ხოლო, მომხსენებლად თეიმურაზ ლეჟავასთან ერთად, იაპონიის უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის Bitfury-ის დამფუძნებელი იუძო კანო გამოდის.

პრესკონფერენციაზე სიტყვით ასევე გამოვა ქართული კომპანიის Echolize-ს დამფუძნებელი გიორგი თუშურაშვილი, რომელიც აღნიშნულ კოლექციას ტექნოლოგიური მიმართულებით მხარდაჭერას უწევს.

Supra3.0 ქართველი გრაფიკული დიზაინერის, თამარ ჩეკურიშვილის მონაწილეობით შეიქმნა.

ღონისძიება იაპონურ ენაზე გაიმართება და დასწრება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ იქნება შესაძლებელი.