ფასების არასტაბილურობისა და ეროვნული ვალუტის რეკორდულად გაუფასურების მიუხედავად, იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა ისევ უცვლელად დატოვა. როგორც მოსალოდნელი იყო, კომიტეტის გადაწყვეტილებით, ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი ისევ 0%-იან ნიშნულზე დარჩა.
ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, მარეგულირებელი ორგანოს მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, სწორედ ამიტომ, ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებს.
მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების ფონზე, იაპონიის ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდული ტემპით უფასურდება - ერთწლიან ჭრილში ვარდნის მაჩვენებელი 15%-ს აღწევს, ერთი დოლარის ღირებულება კი რეკორდულ 156 იენს შეადგენს.
იენის გაუფასურება რამდენიმე გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა, განსაკუთრებით ყურადსაღები კი აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდაა.
იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავის შეკავების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ქვეყანაში რეცესიის განვითარების რისკების ზრდაა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რომელიც ინფლაციის მაკონტროლებელი მთავარი მექანიზმია, თავის მხრივ, ეკონომიკის შენელებას იწვევს. გლობალური ეკონომიკური რისკების გათვალისწინებით კი, იაპონია რეცესიის სერიოზული რისკის წინაშე დგას.