იაპონიის ხელისუფლებამ ეროვნული ვალუტის კურსის გასამყარებლად ერთ თვეში რეკორდული მოცულობის თანხა, თითქმის $100 მილიარდი დახარჯა.
ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 30 ივლისიდან 26 აგვისტომდე პერიოდში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების საერთო მოცულობამ ¥15.4 ტრილიონი ($98.66 მლრდ) შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ დოლარის რეკორდული გაყიდვისა და იენის შესყიდვის შედეგად, ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები აგვისტოში ისტორიულად ყველაზე მკვეთრად, $79.6 მილიარდით შემცირდა. ამ მასშტაბური კლების შემდეგ, სარეზერვო აქტივების მთლიანმა მოცულობამ თვის ბოლოს $1.208 ტრილიონი შეადგინა. სარეზერვო ფონდში არსებული დანაკარგი, ძირითადად, უცხოურ ფასიან ქაღალდებს უკავშირდება, რომლებიც იაპონიის მთლიანი მარაგის დაახლოებით 70%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ მასშტაბურმა ფინანსურმა ჩარევამ იაპონური ვალუტა 40-წლიანი მინიმუმიდან, ანუ 164-იანი ნიშნულიდან 3 აგვისტოსთვის 155.20-მდე გაამყარა. მოგვიანებით იენი დოლართან მიმართებით 160-იან ზღვრამდე კვლავ გაუფასურდა, თუმცა სექტემბრის დასაწყისში პოზიციები 155-156-ის დიაპაზონში დაბრუნდა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ იენის შესყიდვის ოპერაციის ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კოორდინაციით განხორციელდა. ორმა სახელმწიფომ ერთობლივი სავალუტო ინტერვენცია 2011 წლის შემდეგ პირველად ჩაატარა.
























