იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი მოსალოდნელ 1.25%-ზე შეინარჩუნა და ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანაში საბაზო ინფლაცია 2%-იან სამიზნე ნიშნულს სრულად შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელმა მსგავსი შეფასება 2013 წლის შემდეგ პირველად გააკეთა.
როგორც ირკვევა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილება 8-ით 1-ის წინააღმდეგ მიიღო. განაკვეთის 1.5%-მდე გაზრდას მხოლოდ ჰაჯიმე ტაკატა ითხოვდა.
რაც შეეხება ცენტრალური მარეგულირებლის სხვა განცხადებებს, იაპონიის ბანკმა 2027 ფისკალური წლის ინფლაციის პროგნოზი 2.4%-დან 2.6%-მდე გაზარდა. ამასთან, ინსტიტუტმა განაცხადა, რომ სურსათისა და ენერგორესურსების გამოკლებით დათვლილი მაჩვენებლის მოლოდინი 2.6%-დან 2.7%-მდე გაიზარდა.
მარეგულირებელმა ყურადღება გაამახვილა რისკზეც, რომ საბაზო ინფლაციამ შესაძლოა 2%-იან ნიშნულს გადააჭარბოს. ბანკის განცხადებით, ბაზარზე კომპანიების ქცევა შეცვლილია და ბიზნესი ხელფასებსა და ფასებს უფრო თამამად ზრდის.
საყურადღებოა, რომ CNBC-ის მიერ გამოკითხული 16-ვე ეკონომისტი იაპონიის ცენტრალური ბანკისგან მონეტარული პოლიტიკის მორიგ გამკაცრებას დეკემბერში ან იანვარში პროგნოზირებს. მათგან 13 რესპონდენტის მოლოდინით, განაკვეთის პიკური დონე 2027 წლის შუა პერიოდისთვის 1.75%-დან 2%-მდე დიაპაზონს მიაღწევს.
ცნობისთვის, იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა 2%-იანი ინფლაციის სამიზნე ორიენტირი 2013 წელს დააწესა. მაშინდელი ხელმძღვანელობა ამ მიზნის მიღწევას ორ წელიწადში გეგმავდა, თუმცა საბაზო ინფლაციის სამიზნე ნიშნულთან გათანაბრებას საბოლოოდ 13 წელი დასჭირდა.
























