ოქტომბერში იაპონიაში მომსახურების სექტორში ფასების ინდექსი წლიურად 4.2%-ით გაიზარდა და 1990 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში მისი მაჩვენებელი მხოლოდ 3.8%-ით იყო გაზრდილი.
იაპონიის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ეს ინდექსი კომპანიების მიერ ერთმანეთისთვის გაწეული სერვისების ღირებულებას ზომავს და ოქტომბრის მკვეთრი მატება საზღვაო გადაზიდვების, ლიზინგისა და სასტუმროების გაძვირებამ განაპირობა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ცენტრალური ბანკი ამ სტატისტიკას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება. მისი დახმარებით ის კომპანიების მიერ გაზრდილი შრომითი ხარჯების ფასებში ასახვის მასშტაბებს აფასებს.
გამოქვეყნებული მონაცემებით, ოქტომბერში რიგ სექტორებში მომსახურების ფასების ინდექსი წლიურად 2.7%-ით გაიზარდა. ეს მაშინ, როცა სექტემბერში მატება 2.6%-ს არ აჭარბებდა.
Dai-ichi Life Research Institute-ის ეკონომისტმა, კენიჩირო აჰარამ განაცხადა, რომ ბიზნესი გაზრდილი შრომითი ხარჯების ფასებში გადატანას განაგრძობს, თუმცა შრომატევად სექტორებში ფასების ზრდის ტემპი მომსახურების საერთო მაჩვენებელს მაინც ჩამორჩება.























