30.ნოემბერი .2021 16:00

ხვალიდან ბაზარზე მხოლოდ ახალი რეგულაციით ნაწარმოები გაზზე მომუშავე ტექნიკა დაიშვება

ხვალიდან ბაზარზე მხოლოდ ახალი რეგულაციით ნაწარმოები გაზზე მომუშავე ტექნიკა დაიშვება
views 996
უკან

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება რეგულაცია, რომელითაც აირად საწვავზე მომუშავე ტექნიკის რეალიზაციით დაკავებულ ბიზნეს სუბიექტებს მხოლოდ ახალი წესებით ნაწარმოები ტექნიკის ბაზარზე განთავსების ვალდებულება ექნებათ, თუმცა ეს მოთხოვნა არ ვრცელდება 1 დეკემბრამდე შემოტანილ პროდუქციაზე, რომლის რეალიზაციასაც ბიზნეს სუბიექტები ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლის მიუხედავად შეძლებენ. 

კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ,,ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე ,,საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის დადგენილებებში შესული ცვლილებების თანახმად, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და მანქანა-დანადგარების, იმპორტის გზით, საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის, წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულება 1 დეკემბრიდან ამოქმედდება.

“ამასთან, იმპორტის გზით აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და მანქანა-დანადგარების საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის იმპორტიორი ვალდებულია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და ზედამხედველობის სააგენტოს, ვებგვერდის მეშვეობით, ელექტრონული ფორმით წარუდგინოს - ,,იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება ფინანსთა მინისტრისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

2021 წლის 1 დეკემბრიდან, დადგენილებებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების მოქმედების სფეროში შემავალი ზემოაღნიშნული პროდუქტების იმპორტის გზით, საქართველოს ბაზარზე განთავსება, წინასწარი შეტყობინების გარეშე ვერ განხორციელდება”,-წერია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი რეგლამენტის მიხედვით, მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებს და სხვა აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებს აწვდიან, 1 დეკემბრიდან აღნიშნულ ტექნიკაზე გარკვეული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და მისი რეგლამენტთან შესაბამისობის შეფასება მოუწევთ. თუ ტექნიკა ამ პროცედურას გაივლის, მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისობის დეკლარაცია შეადგინოს. ასევე, მწარმოებელი ვალდებულია, მოწყობილობა დაპროექტებული და წარმოებული იყოს რეგლამენტით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. მსგავსი ვალდებულება რეგლამენტის პირვანდელ ვერსიაში ვრცელდებოდა როგორც ტექნიკაზე, ისე საამწყობრო ნაწილებზე, თუმცა კერძო სექტორისა და შესაბამისი უწყების კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება საამწყობრო ნაწილებზე აღარ გავრცელდება.

იმპორტიორებისთვის გლობალური პანდემიით გამოწვეული რისკების შემსუბუქების მიზნით, წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულება, ერთხელ უკვე გადავადდა - 2021 წლის 1 სექტემბრიდან - 1 დეკემბრამდე. შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნული ცვლილების შესახებ, 3 300-მდე გადასახადის გადამხდელს (ავტორიზებულ გვერდზე), უკვე გაეგზავნა შეტყობინება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა