მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყოველწლიურად 3 ტონა ტყის სოკოს მოვიპოვებთ, თუმცა შესაძლებლობა მეტია” - მეწარმე

63d8d0a9c54ed
ნინი ლონგურაშვილი
31.01.23 14:45
1331
საქართველოში ტყის სოკოს ონლაინ მაღაზია Boletto.ge გაიხსნა. ტყის სოკო ონლაინ მაღაზიაში მთელი წლის განმავლობაში იყიდება, სადაც სეზონზე ახალი, დანარჩენ დროს კი, ძირითადად, შოკური გაყინვით დამუშავებული პროდუქტის სახით არის წარმოდგენილი.

BMG-სთან ინტერვიუში კომპანიის თანდამფუძნებელი, ირაკლი დოლიძე ამბობს, რომ სოკო, ძირითადად, მთიან რეგიონებში, გზებისა და დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით მდებარე ეკოლოგიურად სუფთა ტყეებში გროვდება. მისი თქმით, მოპოვებული სოკოს რაოდენობა ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნას აკმაყოფილებს.

“საქართველოში ყველაზე პოპულარული და მათ შორის მოხმარებადი სოკო - ნიყვია. თუმცა, ბევრი სხვა, მაღალი კვებითი ღირებულების სოკო გვხვდება საქართველოს რეგიონებში. იმერეთია ტყის სოკოს მრავალფეროვნებით გამორჩეული, ასევე რაჭა, კახეთი და სამცხე-ჯავახეთიც გამორჩეული მხარეებია ამ პროდუქტისთვის. ჩვენი კომპანია წლიურად 2-3 ტონა ტყის სოკოს იბარებს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მოპოვებული სოკოს რაოდენობა მოთხოვნას აჭარბებს. ამ მხრივ პრობლემა ნამდვილად არ დგას და შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტია, მთავარია ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ყველაზე პოპულარული სახეობების გარდა, კიდევ ბევრი სხვა სახეობა მოიპოვება ქვეყნის შიგნით, რომელიც ასევე მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა. სეზონზე ფერმერებს ვთხოვთ, მოაგროვონ მათ მიდამოებში ტყის სოკო და ჩვენს კომპანიაში ჩააბარონ. უნდა აღვნიშნო, რომ სოკოს შეგროვება-გადამუშავებაზე სპეციალურად მომზადებული პერსონალი გვყავს დასაქმებული", - ამბობს ირაკლი დოლიძე.

ცნობისთვის, კომპანია Boletto დაფუძნებულია დაბა ხარაგაულში, მისი გუნდი, 2012 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობს სამკურნალო და კულინარიული მცენარეების, ველური კენკრისა და ტყის სოკოების შეგროვებაზე, გადამუშავებასა და ექსპორტზე.