მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერი, რაც აზარტული თამაშების რეგულირებაზე მთავრობის გეგმას ეხება

61a4a0fbdeae4
შოთა ტყეშელაშვილი
29.11.21 14:21
3872
ფინანსთა სამინისტრომ დღეს აზარტული თამაშების რეგულირების დეტალური მოდელი წარადგინა, რომლითაც 1 მილიონ ადამიანს თამაშის უფლება ეკრძალება. მათ შორისაა 25 წლამდე პირები, საჯარო მოხელეები და სოცდაუცველი მოქალაქეები.

ცვლილებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წინა ორშაბათს სექტორისთვის სრულიად მოულოდნელად დაანონსა, რასაც 2 დღით ადრე უსწრებდა ბიძინა ივანიშვილის ჩვენების ვიდეო-ვერსია, სადაც ის აცხადებდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მისთვის ავტორიტეტულ პერსონას არ წარმოადგენდა. 

სწორედ მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ აღნიშნული ჩანაწერი იხილა, ირაკლი ღარიბაშვილმა “მკაცრი” რეგულაციები დაანონსა აზარტული თამაშების ინდუსტრიისთვის - სექტორისთვის, რომლის რეპუტაციული იმიჯიც საზოგადოებაში ასე თუ ისე შელახული იყო. პრემიერმა ფინანსთა სამინისტროს 1-კვირიან ვადაში დაავალა რეგულირების პაკეტის მომზადება, რაც დღეს ფინანსთა მინისტრმა წარადგინა.

ცვლილებები შემდეგ ძირითად მიმართულებას აერთიანებს:

1. 25 წლამდე მოქალაქეთათვის ფიზიკური და ონლაინ-თამაშების აკრძალვა, საჯარო მოხელეებისთვის თამაშების აკრძალვა, სოცდაუცველებისთვის თამაშის აკრძალვა. მთლიანობაში 1 მლნ მოქალაქეს თამაში ეკრძალება. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ამ წესის დარღვევისთვის ფინანსური სანქციები აზარტული თამაშების პროვაიდერებისთვის იქნება განკუთვნილი;

2. ონლაინ-აზარტული თამაშების დაბეგვრის წესის ცვლილება. განაწილებული მოგების გადასახადის სისტემა იცვლება GGR-ის 10%-ის დაბეგვრის წესით. თუკი ახლა ონლაინ-აზარტული თამაშების ფირმები იხდიან ისეთივე განაკვეთის და სტრუქტურის მოგების გადასახადს, რაც სხვა სექტორებისთვისაა დაწესებული, ახალი მოდელით დაიბეგრება მათ მიერ ფსონების სახით მიღებულ თანხასა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობის (GGR) 10%, რასაც ისინი ბიუჯეტში გადაიხდიან. ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს ცვლილება მათ დასაბეგრ ბაზას 65-70%-ით გაზრდის.

3. რეკლამების აკრძალვა, რაც გავრცელდება სატელევიზიო და გარე რეკლამების მიმართულებით. ონლაინ სივრცეში კი აკრძალვა შეეხება მხოლოდ ქართულ ვებგვერდებს, სადაც აზარტული თამაშების კომპანიების რეკლამების განთავსება აიკრძალება. რეკლამის აკრძალვა არ შეეხება სპონსორობას, აზარტული თამაშების კომპანიებს კვლავ შეეძლებათ საფეხბურთო კლუბების, სატელევიზიო გადაცემების თუ სხვა აქტივობების სპონსორობა, თუმცა მათი ბრენდის და ლოგოს გამოჩენა შეიზღუდება;

4. “შავი სია” - ეს ინიციატივა 25 წლამდე თამაშის აკრძალვასთან ერთად 2018 წელსაც არსებობდა, თუმცა მაშინ მისი მიღება არ მომხდარა. ცვლილების შედეგად, მოქალაქის ოჯახის წევრს, სასამართლოსთვის მიმართვის გზით შეეძლება კონკრეტული პირისთვის აზარტული თამაშის უფლების აკრძალვა. “შავ სიაში” მოქალაქეები საკუთარი განცხადების საფუძველზეც შევლენ;

5. აზარტული თამაშების პროვაიდერის სისტემის გამოყენებით აიკრძალება ერთი პირიდან მეორეზე თანხის გადარიცხვა;

6. აიკრძალება თანხის გადარიცხვა აზარტული თამაშების უცხოური პროვაიდერების ანგარიშებზე. ეს აკრძალვა შეეხებათ საქართველოში რეგისტრირებულ ბანკებს და საგადახდო სისტემების პროვაიდერებს. მისი მიზანია, რომ თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქეთა მხრიდან უცხოური სათამაშო სისტემების გამოყენება;

7. ნებისმიერი მოცულობის მოგებული თანხის გატანა 2%-ის საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება.

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა BMG-ის განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში საკითხის განხილვა დაინტერესებულ პირებთან ერთად შედგება, ასევე დაიწყება ინიციატივის საპარლამენტო განხილვებიც.

ამასთან, ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ის არ ეთანხმება სათამაშო ბიზნესის ასოციაციის შეფასებას, რომ დაგეგმილი ცვლილებებით სექტორი 20 წლით უკან დაბრუნდება.

“მე არ ვიცი, რატომ ამბობს სექტორი, რომ ამ რეგულაციით 20 წლით უკან დავბრუნდებით, თუ ახლა რეგულირების მასშტაბს შევხედავთ, ეს ბიზნესი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არის რეგულირებული და თან საკმაოდ მკაცრად. ვერ გავიზიარებ პათოსს, რომ სათამაშო ბიზნესის რეგულირება რაიმე სახის სურპრიზი უნდა იყოს ვინმესთვის. მეორე ნაწილი, რომელიც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, არის განსხვავებული პრაქტიკები, არის 21-წლიანი ზღვრები, არის 23-წლიანი ზღვრებიც, არის 25-წლიანი ზღვარიც, ზოგან საერთოდ აკრძალულია ანუ ამ მიმართულებით საკმაოდ განსხვავებული პრაქტიკებია.

ხმელეთის თუ ონლაინ-თამაშების მიმართულებით იქნება ერთიანი ზღვარი და 25 წლამდე პირებს აეკრძალებათ თამაში. ჩვენ მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ზღვარი იყოს 25 წელი. არგუმენტებს მოვისმენთ, თუმცა ეს არის ის გადაწყვეტილება, რაც ამ ეტაპისთვის არის მიღებული”, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ცვლილებები იქნება შემუშავებული იმგვარად, რომ მათ გამო სახელმწიფოსთვის გადახდილი გადასახადების მოცულობა არ შემცირდეს, რადგანაც 1 მილიონი ადამიანისთვის თამაშის აკრძალვასთან ერთად, მნიშვნელოვნად იზრდება აზარტული თამაშების დასაბეგრი ბაზა, რის შედეგადაც საბიუჯეტო შემოსავლები უცვლელად უნდა შენარჩუნდეს.

უფრო დეტალურად, აზარტული თამაშების ბრუნვის და გადახდილი გადასახადების შესახებ იხილეთ გრაფიკი: