მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერი, რაც მთავრობის წევრებმა თურქეთიდან მედიკამენტების ბაზრის გახსნაზე თქვეს

61e5528fa8b5e
BM.GE
17.01.22 15:23
1023
დღეიდან საქართველოში თურქეთის ფარმაცევტული მარეგულირებლის მიერ აღიარებული ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი დაშვებული ხდება.

პრემიერმა უკვე მოაწერა ხელი დადგენილებას, რომლის თანახმად ის ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზე არის აკრედიტებული, მათ შორის უშუალოდ როგორც თურქული, ისე არათურქული წარმოების, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნება აღიარებული.

აღსანიშნავია, რომ მედიკამენტების აღიარების წესი მთავრობამ 2009 წელს მიიღო. სიაში ეტაპობრივად ახალი ქვეყნები ემატებოდნენ და ის ამჟამად 20-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ამ სიაში აქამდე არ შედიოდა თურქეთი, რადგან როგორც სპეციალისტები განმარტავენ, თურქეთი ფალსიფიცირების მაღალი რისკის შემცველ ქვეყნად მიიჩნეოდა, რის გამოც ის ვერ მოხვდა ჩამონათვალში.

მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ თურქეთიდან მაღალი ხარისხის GMP-ის სტანდარტის შესაბამისი წამლები შემოვა და მოქალაქეებს ხარჯი შეუმცირდება.

საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ 10 ლარი ღირს, თურქეთში 1-2 ლარი ღირს. არავითარი არგუმენტი იმის, რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე და ამიტომ მივიღეთ თურქეთს ბაზრის გახსნის გადაწყვეტილება. იმედი მაქვს იმპორტიორები თურქეთიდან მაღალი ხარისხის წამლებს შემოიტანენ, რაც საქართველოში მედიკამენტების ფასებს გააიაფებს“-აღნიშნა პრემირმა, თუმცა არაფერი უთქვამს, რამდენით შეუმცირებს „თურქეთის გახსნა“ მოქალაქეებს მედიკამენტებზე დანახარჯს.

დღეს პირველი მთავრობის სხდომა იყო, რომლის დასრულების შემდეგაც ჯანდაცვის მინისტრი მედიასთან ჩავიდა. ბუნებრივია იყო მოლოდინი, რომ ზურაბ აზარაშვილისგან თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის განხორციელების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას მოვისმენდით, თუმცა არც ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა თქვა, მთავრობის ამ გადაწყვეტილებით, რამდენად ხელმისაწვდომი გახდება მედიკამენტები საქართველოში.

„პრემიერის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, წამლების აღიარების სიაში თურქეთის შეტანასთან დაკავშირებით, საქართველოში თურქეთიდან მაღალხარისხიანი, კონკურენტული ფასებით მედიკამენტების შემოტანას შეუწყობს ხელს, რაც ჩვენს მოსახლეობას 200-მდე მედიკამენტზე ხარჯს გაუიაფებს. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ და სხვა იმპორტიორი ქვეყნებიდან წამლების ხარისხის და მასთან დაკავშირებული სერტიფიკატების თუ დოკუმენტაციის გადამოწმების და კონტროლის კუთხით. ჩვენ სრულად პასუხისმგებელი ვართ, რომ საქართველოში გაიყიდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები კონკურენტული ფასებით“-თქვა მინისტრმა.

BM.GE-მ მინისტრს დამაზუსტებელი კითხვით მიმართა, გაიაფება შეეხება ყველაზე ხშირად მოხმარებად 200 დასახელების მედიკამენტს, თუ საუბარია ზოგადად ყველა იმ წამლის გაიაფებაზე, რომელიც შეიძლება თურქეთიდან შემოვიდეს, რაზეც მინისტრმა მთავრობის განკარგულება მოიშველია და აღნიშნა, რომ თურქეთიდან ნებისმიერი მედიკამენტის იმპორტი ხდება შესაძლებელი.

რამდენიმე თვის წინ პრემიერის დავალებით კონკურენციის სააგენტოს დაევალა ბაზრის მოკვლევა, ყველა იმ ნიუანსების გავლა, რაც შეიძლებოდა მედიკამენტების ფასების შემცირების მიმართულებით გაგვერკვია. პირველი ეტაპი, რაც ამ კვლევის გაცნობის შემდეგ სასწრაფოდ გასაკეთებლად ჩაითვალა, გახლავთ თურქეთის ბაზრის გახსნა. დაახლოებით 200 მედიკამენტია, სხვადასხვა მიდგომით შესწავლილი, რომლებიც მაგალითად თურქეთში ღირს 5 ლარი და ჩვენთან 10-ჯერ მეტი. ზოგიერთ მედიკამენტზე მარჟები ადის 1000%-მდე. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილს ჩანთებით გადმოაქვს მედიკამენტები, ზოგიერთი სხვებს აბარებს თურქეთში, სწორედ ფასების გამო“-განაცხადა მინისტრმა.

ამდენად, თურქეთი შეემატა იმ 20 ქვეყანას, საიდანაც ფარმაცევტული პროდუქცია აღიარებითი რეჟიმით შემოვა, მაგრამ რამდენად გააიაფებს მთავრობის ეს გადაწყვეტილება საქართველოში მედიკამენტის ფასს, უცნობი რჩება.