მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო დარჩეს ევროკავშირის დღის წესრიგში“ - ევროპარლამენტარი

62b0bacfeaacb
თამთა ჯიჯავაძე
20.06.22 22:18
1523
"გთხოვთ არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა გახდეს იმ ხალხის მძევალი, რომელიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან. ასეთი პოლიტიკა არ მიგიყვანთ ევროკავშირში. ეს არის კრემლისთვის საჩუქარი", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებისადმი მიმართვისას აღნიშნა.

როგორც მან განაცხადა, მდგომარეობა საქართველოსთვის უიმედო ჯერ კიდევ არ არის, ვინაიდან ბევრი ქვეყანა, რომელმაც  საბჭოთა რეჟიმი გამოსცადა, იგივე პრობლემების წინაშე იდგა.

„ყველგან არსებობენ მსგავსი მანიპულატორები... კრემლის მეგობრები... ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულმა აიღოთ პირადი პასუხისმგებლობა თქვენი ქვეყნის მომავალზე. როდესაც დადგებით საარჩევნო ყუთთან, გაიხსენეთ, ვინ დასწია საქართველო უკან, რუსეთისკენ... ვიცი, რამდენად საშიშია ეს ქვეყნისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგში დარჩეს“, - მიმართა მან საქართველოს მოსახლეობას.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო დროს საქართველოს დემოკრატიულ პროცესებზე ევროპაში მხოლოდ ცუდი ამბები აღწევს.

„10 წლის წინ საქართველოს სახელი ასოცირდებოდა დაუჯერებელ რეფორმებთან, გაგიზიარებთ ჩემს მაშინდელ შთაბეჭდილებას. მეზობელ სომხეთში ვიზიტის დროს მახსენდება, როგორ მესმოდა იქაური პოლიტიკური ექსპერტების შეფასებები. მაგალითად ამბობდნენ, რომ საქართველომ შეძლო პოლიციაში მექრთამეობის აღმოფხვრა, რაც მაშინ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში თითქმის შეუძლებელი მისია იყო. მაშინ ჩანდა, რომ თქვენი გზა ევროპისკენ შენარჩუნდებოდა, ვიდრე წარმატებული დასასრული არ იქნებოდა. ნამდვილად, საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო ლიდერი რეფორმების კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

თუმცა დღეს, როცა უკრაინელებმა სისხლით დაამსხვრიეს ყინული, და როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა ამ კვირაში უნდა გადაწყვიტონ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, საქართველომ სამწუხაროდ დაკარგა ლიდერის სტატუსი. ქვეყნის პოლიტიკა გაივსო სიძულვილით. შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელიდან იქნა გაშვებული. ბოლო დროს საქართველოს დემოკრატიულ პროცესებზე მხოლოდ ცუდი ამბები აღწევს ჩვენამდე. ყოფილი პრეზიდენტი და მსხვილი მედიის მფლობელი ციხეში იმყოფებიან. ხორციელდება თავდასხმები სხვა ჟურნალისტებზე, საქართველოს მეგობრებზეც კი ევროპასა და შეერთებულ შტატებში. როგორც ჩანს, თქვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს სასურველი არ ყოფილიყო. გასაკვირი არაა რომ ევროკომისია ძალიან კრიტიკულია რეკომენდაციაში ამ პრობლემების მიმართ, რაზეც პასუხისმგებლობა დღევანდელ მთავრობას ეკისრება. კომისია გარკვევით ამბობს: ქვეყანას სჭირდება დე-ოლიგარქიზაცია. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ამ წუთებში რუსთაველზე მასშტაბური აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებსაც ევროპარლამენტარებმაც მიმართეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები