მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ იმაში, რომ ჩვენს რეგიონში სკოლები გაიხსნას" - WHO და UNICEF

612cababd11ce
თამთა ჯიჯავაძე
30.08.21 21:40
808
სწრაფად გავრცელებადმა „დელტა“ ვარიანტმა წლევანდელ სასწავლო სეზონს ახალი გამოწვევები გაუჩინა. საზოგადოებაში კორონავირუსის შემთხვევების მატება სკოლაში მისი გავრცელების ალბათობასაც ზრდის. შესაბამისად, ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ვირუსის გავრცელების შემცირებაში. ამის შესახებ WHO-სა და UNICEF-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც ორგანიზაციები სკოლების უსაფრთხოობასა და გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ.

არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს მწვავე დაავადებისა და სიკვდილის რისკებს. ამიტომაც როცა ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, ყველა უნდა აიცრას და ჩაიტაროს ვაქცინაციის სრული კურსი.

„ვაქცინაცია ვირუსისგან ჩვენი დაცვის საუკეთესო საშუალებაა. პანდემიის დასასრულებლად სწრაფად და თანაბრად უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის მასშტაბი ყველა ქვეყანაში. ეს გულისხმობს მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინის წარმოების მხარდაჭერას, ვაქცინის დოზების გაზიარებას და მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფების დახმარებას. ასევე უნდა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის აპრობირებული ზომების გატარება, როგორიცაა ტესტირება, იდენტიფიცირება, მიკვლევა, იზოლირება და კარანტინში მოთავსება,“ - აღნიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა ჰანს კლუგემ.

გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მოადგილე ფილიპე კორი კი ამბობს: „პანდემია არ დასრულებულა. ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ იმაში, რომ ჩვენს რეგიონში სკოლები გაიხსნას. დაუშვებელია, ბავშვები და მოზარდები დადგნენ იმ რისკის წინაშე, რომ კიდევ ერთი სასწავლო წელი გაუცდეთ. ვაქცინაცია და დამცავი ზომები ერთად დაგვეხმარება იმაში, რომ აღარ მოგვიწიოს პანდემიის ბნელ დღეებში დაბრუნება, როცა ადამიანებს ჩაკეტვის, ბავშვებს კი სასწავლო პროცესის შეფერხების ატანა უწევდათ. ბავშვები პანდემიის ჩუმი მსხვერპლია და ყველაზე დაუცველმა ჯგუფებმა ყველაზე დიდი დარტყმა მიიღეს. კორონავირუსის პანდემიამდე რეგიონის ყველაზე დაუცველი ბავშვები სკოლაში ისედაც არ დადიოდნენ, ან თუ დადიოდნენ, თავიანთ თანატოლებს სწავლაში ჩამორჩებოდნენ".

მისივე თქმით, სკოლა გაცილებით მეტია, ვიდრე შენობა. "როცა სკოლები იკეტება, ბავშვები მოკლებულნი არიან სწავლისა და მეგობრებთან ერთად ყოფნის შესაძლებლობას და სახლში ყოფნისას შესაძლოა ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. პანდემიამ ისედაც მიუღებელი სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სკოლები გაიხსნას და დარჩეს ღია უსაფრთხოების ნორმების დაცვით", - დასძინა მან.

WHO-სა და UNICEF-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ექსპერტების რეკომენდაციებსაც მოიცავს:

1. სკოლა უნდა იყოს პირველი, რომელიც გაიხსნება და ბოლო, რომელიც დაიხურება.
2. შემუშავდეს ტესტირების სტრატეგია.
3. შემუშავდეს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები.
4. დაცული იქნას ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური კეთილდღეობა.
5. დაცული იქნან ყველაზე მოწყვლადი და მარგინალიზებული ბავშვები.
6. გაუმჯობდეს სასკოლო გარემო.
7. ბავშვები და მოზარდები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
8. აქტიურად განხორციელდეს ვაქცინაცია, რათა ბავშვები სკოლებში შევინარჩუნოთ.