მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე დიდი საფრთხე სარესტორნო სივრცეებია, დათქმებს ყველაზე მეტად არღვევენ - ტიკარაძე

6076a03debffc
ინგა მურუსიძე
14.04.21 12:00
2776
საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდ წყაროდ რესტორნებს ასახელებს, სადაც სოციალური ღონისძიებები იმართება. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწორედ რესტორნებში ყველაზე ნაკლებადაა დაცული აუცილებელი პირობები და ისინი ყველაზე მეტად არღვევენ დათქმებს, რომლებიც მათი გახსნისას დაწესდა.

„სხვა სექტორებში მაქსიმალურად იცავენ იმ ღონისძიებებს, რაც მოთხოვნილია ჯანდაცვის სამინისტროდან, დაავადებათა კონტროლის, ასევე შრომის ინსპექციის მხრიდან. ამ ეტაპისთვის ყველაზე მაღალი რისკის მქონედ განიხილებიან სწორედ ის დაწესებულებები, სადაც სოციალური ღონისძიებები იმართება“, - განაცხადა ტიკარაძემ გადაცემაში „დღის თემა“.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრი აანონსებს, რომ თუკი დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ასცდება და შეზღუდვების დაწესებაზე დაიწყება საუბარი, თავდაპირველად მიდგომა ინდივიდუალური იქნება ყველა სექტორის მიმართ იმის მიხედვით, თუ ვინ იცავდა ყველაზე მეტად დაწესებულ ნორმებს.

„ჩვენ შევეცდებით, გავყოთ ეს ბიზნესი კეთილსინდისიერ მონაწილეებად და იმ მონაწილეებად, რომლებიც არ იცავენ მოთხოვნებს; მიდგომა არ იქნება ერთგვაროვანი, რომ დაიხუროს ყველა, თუმცა გამოვავლენთ, რომელი სექტორის და სეგმენტის მხრიდან არის ყველაზე მეტი დარღვევა და ალბათ ინდივიდუალურად მივუდგებით თავდაპირველად. შემდეგ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი გვიჩვენებს, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება მსგავსი ლოკალური შეზღუდვები და ლოკალური მიდგომა, შემდეგ დამატებით ვიმსჯელებთ. დღეს ცოტა ნაადრევია ამაზე საუბარი. აღსრულების მექანიზმები, რომლებიც დავიწყეთ, ამ ეტაპისთვის დაკვირვების ფაზაშია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გამოვავლინოთ, რამდენად მოგვცა ეფექტი ინფექციის გავრცელების მართვაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.