23.სექტემბერი .2022 11:47

#ADB-ის ახალი პროგნოზები საქართველოსთვის - ინტერვიუ ADB-ის მთავარ ეკონომისტთან, ალბერტ პარკთან

202
უკან

საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 7%–ით გაიზრდება – ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) განახლებულ პროგნოზებში, რომელიც სულ რაღაც ორი დღის წინ გამოქვეყნდა. 

ზრდის მთავარ მამოძრავებლებად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ანგარიში მოიაზრებს ექსპორტის, ტურიზმის, ფულადი გადარიცხვებისა და მოთხოვნის მზარდ ტენდენციებს. 

მიმდინარე წლის აპრილში ADB 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 3.5%-იან ზრდას ელოდა. ზრდის პროგნოზები გაუმჯობესებულია მომდევნო წლის ჭრილშიც – 5–იდან 6%–მდე. 

რაც შეეხება ინფლაციას, ADB–ი ვარაუდობს, რომ 2022 წელს საქართველოში ორნიშნა ინფლაცია დარჩება – 11%, რაც უკვე მომავალ წელს – 2023–ში საქართველოს ეროვნული ბანკის სამიზნე 3%–იან ნიშნულთან შედარებით უფრო ახლოს – 5%–მდე შემცირდება.

როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი განმარტავს, ამას პირველ რიგში მსოფლიოში სამომხმარებლო საქონლის მოსალოდნელზე მეტად გაზრდილი ფასები და შიდა მოთხოვნა განაპირობებს.

განვითარებადი აზიის საშუალო მაჩვენებლებს თუ შევხედავთ – აქ მოიაზრებს ეიდიბი საქართველოსაც – ვნახავთ, რომ ორივე წელს – 2022–შიც და 2023–შიც – ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შემცირებულია და საქართველოს ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი აჭარბებს განვითარებადი აზიის საშუალო მაჩვენებელს. 

რაც შეეხება ინფლაციას, აქ სურათი საპირისპიროა – 2022 წელს რეგიონის საშუალო მაჩვენებელი 4.5%; 2023 წელს კი – 4%–ია. საქართველოს შემთხვევაში, ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლები უფრო მაღალია – 2022 წელს 11%–იანი ინფლაციით. 

ADB-ის მიხედვით, ინფლაცია ყველაზე მაღალია კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში. 2022 წლის ივლისის მდგომარეობით, ამ თვალსაზრისით კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში – სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და საქართველო – ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სომხეთშია. მას მოსდევს საქართველო. 

ალბერტ პარკი - მთავარი ეკონომისტი, ADB