მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან თურქეთში ონლაინ შესყიდვები თითქმის გახუთმაგდა

BM.GE
23.11.22 13:09
360
მაღალი ინფლაციისა და სამომხმარებლო პროდუქტებზე გაზრდილი ფასების ფონზე მოქალაქეების ქცევაში საინტერესო ტენდენცია იკვეთება. მიმდინარე წლის 10 თვის სტატისტიკა აჩვენებს,რომ გასულ წელთან შედარებით თითქმის გახუთმაგდა თურქული ონლაინ მაღაზიებიდან საქართველოს მოქალაქეების მიერ განხორციელებული შესყიდვები. იწერენ ყველაფერს, დაწყებული ტანსაცმლიდან , დამთავრებული პირადი ჰიგიენის საშუალებებით და საკვები პროდუქტებით. 

მიუხედავად იმისა, რომ რიგ კომპონენტებში თურქეთს აშშ და ჩინეთი კვლავ უსწრებს, ნეტგაზეთისთვის შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს,რომ ზრდის ტენდენცია მხოლოდ თურქული ონლაინ მაღაზიებიდან შესყიდვებს აქვს. 

შედარებისთვის, 2021 წლის 12 თვის განმავლობაში საქართველოში თურქეთიდან ონლაინ გამოწერებით ჯამში 55 354 ამანათი შემოვიდა, როცა 2022 წლის პირველ ათ თვეში ეს რიცხვი უკვე 260 864-მდეა გაზრდილი. 

ამრიგად, მცირე ღირებულების ამანათების რაოდენობით, წელს თურქეთი პირველ ადგილზეა და საგრძნობლად აჭარბებს გამოწერებს ჩინეთიდან და აშშ-დან, საიდანაც წინა წლებში საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ნივთებს ყიდულობდნენ. 

საყურადღებოა ისიც, რომ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მეტად შემცირებულია აშშ-დან გამოწერილი მცირე ღირებულების ამანათების რაოდენობა. კლების ტენდენციით ხასიათდება გამოწერები ჩინეთიდანაც. 

მიუხედავად განუბაჟებელი ონლაინ ამანათების რაოდენობის ასეთი ზრდისა, ნივთების საერთო ღირებულებით პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება, თურქეთი კი მეორე ადგილს იკავებს. 

ჯამურად 2022 წლის 10 თვეში აშშ-დან 300 ლარამდე ღირებულების ამანათების ფასმა 8 246 335 ლარი შეადგინა, თურქეთიდან გამოწერილი ნივთების ღირებულება კი 7 033 997 ლარი იყო. აღნიშნულ კომპონენტში მესამე ადგილს ჩინეთი იკავებს, სადაც დროის ამ მონაკვეთში 4 082 188 ლარის ნივთები გამოიწერეს. ეს სტატისტიკა სავარაუდოდ მიუთითებს იმაზე, რომ თურქეთიდან უფრო დაბალი ღირებულების ნივთებს იწერენ, ვიდრე აშშ-დან. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი გამოწერილი ამანათების საერთო ღირებულებით მეორე ადგილზეა, TOP სამ ქვეყანას შორის ზრდის ტენდენცია ამ კომპონენტითაც მხოლოდ მას ახასიათებს. კერძოდ, 2021 წელს თურქეთიდან გამოწერილი განუბაჟებელი ამანათების საერთო ღირებულებამ 1 949 717 ლარი შეადგინა. შესაბამისად, 2022 წლის პირველ 10 თვეში ამგვარი ამანათების საერთო ღირებულებაც თითქმის ოთხჯერაა გაზრდილი. 

რაც შეეხება განბაჟებას დაქვემდებარებული (300 ლარის და მეტი) ამანათების რაოდენობას და ჯამურ ღირებულებას, აღნიშნულ კომპონენტში გასული წლის მსგავსად პირველ ადგილს აშშ იკავებს. მეორე ადგილზე ჩინეთია, თურქეთი კი მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ კომპონენტშიც თვალნათლივ ჩანს, რომ ზრდის ტენდენცია მხოლოდ თურქეთის შემთხვევაში გვაქვს. 

2021 წელს თურქეთიდან 300 ლარზე მეტი ღირებულების 3 588 ამანათი გამოიწერეს, რომელთა ჯამური ღირებულება 289 490 ლარს შეადგენდა. 2022 წლის ათ თვეში კი თურქეთიდან გამოწერილი განბაჟებას დაქვემდებარებული ამანათების რაოდენობა 11 768-მდე გაიზარდა და 710 816 ლარს მიაღწია. 

რა ტენდენციაზე ვსაუბრობთ და ზოგადად რას იწერენ ყველაზე ხშირად ჩვენი მოქალაქეები მეზობელი სახელმწიფოდან და რატომ? 

სტუმარი: სალომე გუბელაძე - “ინექს გრუპის" საერთაშორისო მიმართულების მენეჯერი;