მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს ნავთობის და გაზის კორპორაცია 300 მლნ ევროს ობლიგაციებს გამოუშვებს

5e0f26225da8f
შოთა ტყეშელაშვილი
03.01.20 16:50
1747
2020 წლის აპრილში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (GOGC) 300 მილიონი ევროს ოდენობის ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ კორპორაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი. 

"2020 წლის აპრილში დაგეგმილია არსებული ევროობლიგაციების რეფინანსირება, რომლის ფარგლებშიც მოხდება 300 მლნ ევროს მოცულობის ევროობლიგაციების გამოშვება და ამ სახსრებით არსებული 250 მლნ აშშ დოლარის ობლიგაციების სრული გამოსყიდვა", - ნათქვამია კორპორაციისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ $250 მილიონის მოცულობის ობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2012 წელს განათავსა; 2016 წლის აპრილში კი, კორპორაციამ ამ სესხის ახალი, ასევე $250 მილიონიანი სესხით რეფინანსირება მოახდინა. 

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიხედვით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე GOGC-ის ობლიგაციების ერთეულის ფასი გასული კვირის განმავლობაში 0.15%-ით, 104.62 დოლარამდე გაიზარდა. ობლიგაციის კუპონის განაკვეთი 6.75%-ია. 

საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციამ 2019 წლის ბოლოს გარდაბნის თბოსადგურის მეორე ბლოკის მშენებლობა დაასრულა. 230-მეგავატიანი თბოსადგური სატესტო რეჟიმში უკვე გაეშვა და სახელმწიფო ელექტროსისტემას ელექტროენერგიაც მიაწოდა. GOGC-ის ინფორმაციით, მომავალში გარდაბანი3-ის კომბინირებული ციკლის თბოსადგურზეც დაიწყება მუშაობა. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კორპორაცია 2019 წელს "მნიშვნელოვანი მოგებით" ასრულებს. ამ დროისთვის კორპორაციის ვებგვერდზე 2019 წლის შუალედური შედეგები არის გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც, კორპორაციის შემოსავალი წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში - 433.8 მილიონი ლარი, პერიოდის წმინდა მოგება კი, 32.2 მილიონი ლარი იყო.