მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს განხილული 372 განკარგულებიდან დღემდე არცერთი გასაჯაროებულა - TI

64143fcc16595
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.23 14:19
917
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვით 2022 წელს საქართველოს მთავრობამ 47 სხდომაზე 372 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დოკუმენტების მიღება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც შეუძლებელია. „ადმინისტრაციამ შარშან ჩვენი გაგზავნილი 47 წერილიდან არცერთს არ უპასუხა“ - ნათქვამია TI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„უკვე 2 წელზე მეტია მთავრობა თავს აღარ თვლის ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე და გადაწყვეტილებებს ასეთ დახურულ რეჟიმში იღებს. ამ მიდგომით, მთავრობა, არამხოლოდ ამცირებს მისდამი ნდობას, არამედ აჩენს ეჭვს, რომ მიზანი პრობლემური გადაწყვეტილებების დამალვა შეიძლება იყოს“, - აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში.

მათი ცნობით, გასული წლის განკარგულებების 40%, ანუ 372-დან 150 განკარგულება კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ეხებოდა, რაც კორუფციული რისკის შემცველია. ამ რისკს ამყარებს სახელმწიფო ქონების სავარაუდო უკანონო გადაცემასთან დაკავშირებით გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ წარსულში გამოვლენილი შემთხვევების არსებობაც.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში იმ სამართლებრივ აქტებს ასახელებენ, რომელიც განკარგულებების გამოუქვეყნებლობით ირღვევა.

„გარდა იმისა, რომ განკარგულებების გამოუქვეყნებლობით მთავრობა სხვა საჯარო დაწესებულებებს ცუდ მაგალითს აძლევს, ის ერთდროულად რამდენიმე სამართლებრივ აქტსაც არღვევს:

• ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე;
• მთავრობის რეგლამენტს განკარგულებების მაქსიმუმ 3 დღეში ვებგვერდზე ატვირთვასთან დაკავშირებით;
• მთავრობის დადგენილებას, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებაზე“, - ნათქვამია TI-ს მიერ გავრცელებულ განკარგულებათა განხილვის შედეგებში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო საქართველოს მთავრობას განკარგულებების დამალვის მავნე პრაქტიკაზე უარის თქმას მოუწოდებს.

მოვუწოდებთ, მთავრობის ადმინისტრაციას, უარი თქვას განკარგულებების დამალვის მავნე პრაქტიკაზე, შეასრულოს კანონის მოთხოვნა და გამოაქვეყნოს ყველა დოკუმენტი როგორც მის ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე საკანონმდებლო მაცნეზე, ასევე, დაიცვას საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა“, - მიმართავს მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები