მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს მთავრობის თითქმის ყოველი მე-4 განკარგულება სახელმწიფო ქონების გადაცემას ეხებოდა - TI

ადმინისტრაცია

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოს მთავრობის მიერ განხილული 531 განკარგულების პროექტიდან, თითქმის ყოველი მე-4 სახელმწიფო ქონების გადაცემას ეხებოდა და არც ერთი დოკუმენტი საჯარო არ არის.

ორგანიზაციის ცნობით, 2023 წელს საქართველოს მთავრობამ 48 სხდომაზე მინიმუმ 531 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა. ამასთან, მთავრობამ არ გამოაქვეყნა 48-დან 4 სხდომის დღის წესრიგი. დოკუმენტების მიღება შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც.

„უკვე 3 წელზე მეტია მთავრობა გადაწყვეტილებებს დახურულ რეჟიმში იღებს. ამ მიდგომით, მთავრობა, არამხოლოდ ამცირებს მისდამი ნდობას, არამედ აჩენს ეჭვს, რომ მიზანი პრობლემური გადაწყვეტილებების დამალვა შეიძლება იყოს.

ამასთან, გასული წლის განკარგულებების 23% – 531-დან 122 კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ან მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული პირობების გადახედვას ეხებოდა, რაც კორუფციული რისკის შემცველია. ამ რისკს ამყარებს სახელმწიფო ქონების სავარაუდო უკანონო გადაცემასთან დაკავშირებით გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ წარსულში გამოვლენილი შემთხვევების არსებობაც“, - ნათქვამია TI-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გარდა იმისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რომ განკარგულებების გამოუქვეყნებლობით მთავრობა სხვა საჯარო დაწესებულებებს ცუდ მაგალითს აძლევს, ის ერთდროულად რამდენიმე სამართლებრივ აქტსაც არღვევს:

  1. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებულ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებას;
  2. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის საქვეყნოობის პრინციპს, ამავე კოდექსის მესამე თავით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის დადგენილ წესებს;
  3. მთავრობის რეგლამენტს განკარგულებების მაქსიმუმ 3 დღეში ვებგვერდზე ატვირთვასთან დაკავშირებით;
  4. მთავრობის დადგენილებას, ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე.

„მოვუწოდებთ, მთავრობის ადმინისტრაციას, უარი თქვას განკარგულებების დამალვის მავნე პრაქტიკაზე, შეასრულოს კანონის მოთხოვნა და გამოაქვეყნოს ყველა დოკუმენტი როგორც მის ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე საკანონმდებლო მაცნეზე, ასევე, დაიცვას საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა“, - აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში.

ცნობისთვის: 2023 წლის მიწურულს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ, განკარგულებების გამოქვეყნების პირობა დადო და განაცხადა: „კანონს არ ვარღვევთ... განკარგულებები გამოქვეყნდება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები