მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კანონს არ ვარღვევთ… {მთავრობის განკარგულებები} მალე გამოქვეყნდება" - რევაზ ჯაველიძის პირობა

მთავრობა

კანონს არ ვარღვევთ... განკარგულებები გამოქვეყნდება, - ასე უპასუხა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე BMG-ის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნებას ეხებოდა.

ჟურნალისტმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს რეგლამენტი და მუხლი 22 შეახსენა, რომელშიც წერია, რომ მთავრობის განკარგულებები მისი მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვეში უნდა გამოქვეყნდეს.

სამი წელია განკარგულებები არ გამოგიქვეყნებიათ, ადრე ითქვა, თითქოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იყო, ახლა ისევ ძველი ვერსიაა ხელმისაწვდომი, თუმცა განკარგულებები არც აქ ჩანს. რა ჰქვია კომუნიკაციის ამ ფორმას, რომელიც ახლა აქვს მთავრობას და რატომ არ აქვეყნებთ განკარგულებებს? რატომ არღვევთ კანონს?”, - მიმართა ადმინისტრაციის უფროსს BM.GE-ს მთავარმა რედაქტორმა თელარა გელანტიამ.

“ქალბატონო თელარა, კანონს არ ვარღვევთ. ვიცი თქვენი განწყობები ამ საკითხთან დაკავშირებით. არაერთხელ მომისმენია თქვენი პოზიცია. აუცილებლად გამოქვეყნდება… მალე. მათ შორის ახალი [განკარგულებები]”, - თქვა ჯაველიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აიტვირთება თუ არა ყველა ძველი განკარგულება, გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელებს აინტერესებთ მათ შორის ისიც, თუ ვის გადაეცემა ესა თუ ის ქონება და რა არის მიზეზი, რის გამოც არ ქვეყნდება განკარგულებები, ჯაველიძემ უპასუხა, რომ აუცილებლად აიტვირთება განკარგულებები, მათ შორის მთავრობა ახალი სტრატეგიული კომუნიკაციის ფარგლებშიც გაითვალისწინებს შენიშვნას.

“რეგლამენტი არ ირღვევა. არაფერ უკანონოს მთავრობა და სახელმწიფო არ აკეთებს. არაფერს ვმალავთ”, - თქვა ჯაველიძემ.

რაც შეეხება თავად მთავრობის მიერ გაცხადებულ კვლევას, რომელიც სამთავრობო უწყებების კომუნიკაციას და გამოკვეთილ გამოწვევას ეხება, BMG დაინტერესდა, თუ რა გამოწვევებია სახელმწიფო უწყებების მხრიდან.

“ადრე BMG-ის Tv გადაცემებში გვსტუმრობდნენ მარიამ ქვრივიშვილი [ეკონომიკის მინისტრის მოადგილე], მიხეილ ხიდურელი [სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, ხელმძღვანელი], ლევან მეხუზლა {ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი}... ბევრი სამთავრობო პროგრამაა, რომელზედაც, თქვენს ინტერესებშიც არის, რომ ინფორმირებული გყავდეთ მოსახლეობა. არ მგონია, რომ ისინი არ მოდიან ჩვენთან, არ არის ამის ნება”, - მიმართა ჯაველიძეს ჟურნალისტმა.

“ამ ხალხისათვის არც მთავრობის ადმინისტრაციას და არც არავის არ აუკრძალავს, რომ სადმე არ იარონ. მათ მაგივრად ვერ ვისაუბრებთ. კითხვა მათ დაუსვით. რაც შეეხება გამოწვევას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეტი ინფორმაციის მიწოდება შეგვიძლია საზოგადოებისთვის იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც ვატარებთ. ბევრი განსაკუთრებული რამ მოხდა ჩვენს ქვეყანაში და ამის შესახებ საჭიროა მეტი ინფორმაციის მიწოდება და ერთ-ერთი რაზედაც, მომავალ წლებში ყურადღება დაეთმობა და გაკეთდება მეტი სიუჟეტები, სწორედ ამაზე - რეფორმებზე. მეორე ნაწილი არის დეზინფორმაცია - ტელევიზიებში ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება, ესეც დიდი გამოწვევაა და ვცდილობთ ჩვენს კოლეგა უწყებებთან ერთად სწორად დავგეგმოთ, რომ ამას ვებრძოლოთ სწორი ინფორმაციის მიწოდებით”, - აცხადებს რევაზ ჯაველიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები