მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის პირველი კვირის (3 – 8 იანვარი) TOP -10 ეკონომიკური მოვლენა

61dade1e0a31c
ირაკლი მაკალათია
09.01.22 17:43
889
1. 2021 წელს წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა
2. პოლიტიკურ მდგომარეობა ყაზახეთში და საქართველო-ყაზახეთს შორის ვაჭრობის სტატისტიკა
3. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა
4. დასვენების ღირებულება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე და თბილისის შემოგარენში
5. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო
6. „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს განცხადებით მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა
7. Galt & Taggart-ის მიმოხილვა: სესხების დოლარიზაცია და საბანკო დაკრედიტების მაჩვენებლები
8. სახელმწიფო აუდიტის დასკვნა ა(ა)იპ-ებში დასაქმებულებსა და ხარჯთეფექტურობაზე
9. ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ორი ქვითარი და ,,თელმიკოს'' განცხადება
10. 1 იანვრიდან 1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა

1. 2021 წელს წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა

2021 წელს წლიური ინფლაციის დონემ სარეკორდო მაჩვენებელი, 13.9% შეადგინა. ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებლები დაფიქსირდა შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (15.6%); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (11.8%); ტრანსპორტი (17.3%); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (14.0%) და საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (43.5%), ეს უკანასკნელი ჯგუფი ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზია, სადაც კომუნალური გადასახადების სუბსიდირების შედეგად გასულ წელს ფასები 36,5%-37,4%-ის ფარგლებში შემცირდა, ხოლო შემცირებულ ფასებთან შედარებით 2021 წელს მკვეთრად გაიზარდა და 3.64%-ული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3HM4tzD; https://bit.ly/3F9qNBz


2. პოლიტიკურ მდგომარეობა ყაზახეთში და საქართველო-ყაზახეთს შორის ვაჭრობის სტატისტიკა

ყაზახეთში კვლავ საგანგებო მდგომარეობაა, პოლიციასა და საპროტესტო აქციის წევრებს შორის შეტაკებებს მოყვა მსხვერპლიც, ქვეყანაში ინტერნეტი გამორთული და ასევე არ მაუწყებლობს სატელევიზიო არხების ნაწილიც. ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის მოწვევით, ყაზახეთში „კოლექტიური უსაფრთხოებისხელშეკრულების ორგანიზაციის“ „სამშვიდობო“ ჯარები ჩავიდნენ, რომელიც რუსეთის მართული სამხედრო ბლოკია.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა მასშტაბური ნამდვილად არ არის, ქვეყნებს შორის 2021 წლის 11 თვეში მხოლო 103 მილიონი აშშ დოლარის სავაჭრო ბრუნვა დაფიქსირდა. საქართველოდან ყაზახეთში ძირითადად მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ხდება, ასევე მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები და ღვინოები. ხოლო ყაზახეთიდან ძირითადად ნავთობპროდუქტები შემოდის.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3HR1tBV; https://bit.ly/3f3nEbJ


3. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ 2021 წლის 31 დეკემბერს გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 1 მილიონი ლარია, რაც გულისხმობს ანაკლიის პორტის პროექტზე ახალი ტენდერის მოსამზადებლად საჭირო ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევების განახლებასა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას. სამუშაოების შესრულების ვადა კი 2022 წელი იქნება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3q6c4Df


4. დასვენების ღირებულება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე და თბილისის შემოგარენში

BM.ge-მ Turebi.ge-სგან მიღებული ინფორმაციით მიმოიხილა სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროებისა და კოტეჯების საშუალო ფასი, ასევე სხვადასხვა სერვისით სარგებლობის ფასები (იხილეთ ვრცლად https://bit.ly/32VNpZp). ასევე, აღსანიშნავია, რომ თბილისის შემოგარენში სახლის, ან აგარაკის ქირაობა კვლავაც აქტუალურია, ხოლო ფასები 50%-ით არის გაზრდილი. თუმცა, სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაბალი მოთხოვნის გამო მათ სასტუმროების ფასები 2022 წელს 2019 წელთან შედარებით 20%-ით შემცირდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3qU1mik; https://bit.ly/3Ga6aqn; https://bit.ly/3n8TEzG


5. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში მიწების სისტემურ რეგისტრაციას განახორციელებს, როგორც ოფიციალური მონაცემებით არის ცნობილი, საქართველოში მიწების 1/3 დაურეგისტრირებელია. ამას გარდა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების 59,5%-დან 65,7%-ის ფარგლებში ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3I2SDBx

6. „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს განცხადებით მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა

მესტიაში მოსახლეობის კრიპტოვალუტების საწარმოებლად ჩართული მაინერები ჭარბ ელექტროენერგიას მოიხმარდა, რასაც ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები ვერ უძლებდნენ, ამიტომ წმინდა გიორგის ეკლესიაში შეკრებილმა ადგილობრივმა მოსახლეობამ ფიცი დადო, რომ მაინერებს გამორთავდნენ. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით 1-3 იანვრის პერიოდში მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, რასაც ძირითადად ახალი წლის დღესასწაულის ფაქტორით ხსნიან. აქვე ისიც უნდა დავამატოთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 4.9%–ით გაიზრდება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3JXexrl; https://bit.ly/3f4rKAr


7. Galt & Taggart-ის მიმოხივლა: სესხების დოლარიზაცია და საბანკო დაკრედიტების მაჩვენებლები

Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის მიხედვით 2021 წლის ნოემბერში საქართველოში საბანკო დაკრედიტებამ 41.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.8%-ით არის გაზრილი, ხოლო სესხების დოლარიზაცია 50.3%-მდეა შემცირებული. ამასთან, ლარის დეპოზიტები წლიურად 10.5%-ით, ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტები 12.6%-ით გაიზარდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/32TdHeR

8. სახელმწიფო აუდიტის დასკვნა

სახელმწიფო აუდიტმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე აქტუალურ საკითხზე აქვთ შენიშვნები. პირველი უკავშირდება მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში არსებულ ა(ა)იპ-ებს, რომელთა რაოდენობა 2014–2019 წლებში 772-დან 723-მდე შემცირდა, თუმცა ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა დაუსაბუთებლად, 1,435-ით გაიზარდა. ამასთან, ანგარიშში რეკომენდაციაც არის გაცემული, რაც გულისხმობს (ა)იპ-ების საქმიანობის ხარჯთეფექტურობას.

მეორე ანგარიში ეხება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელმაც მაგისტრატურის პროგრამების სტუდენტებს სწავლის საფასური მეტობით გადაახდევინა, შედეგად 653 სტუდენტმა ზედმეტად ჯამში 332 000 ლარი გადაიხადა.
სახელმწიფო აუდიტმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემის შესახებაც დაწერა, კერძოდ, 2020 წლის აპრილიდან ოქტომრამდე პერიოდში, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა საშუალოდ 30%-ს ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული და მათთვის რეცეპტით გამოწერილი მედიკამენტები არ მიუღია. გამოკითხული ბენეფიციარების უმეტესობა მედიკამენტების არ მიღების მიზეზად აფთიაქებში მარაგის არარსებობას მიუთითებს, მაშინ როცა სააგენტოს 2020 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ნაშთად ერიცხებოდა 4 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ფარმაცევტული პროდუქტი. ასევე, სოციალურად დაუცველი ბავშვების ნაწილმა საკვები დანამატით ვერ ისარგებლა და ამ შემთხვევაშიც მედიკამენტების დაბალი ათვისება დაფიქსირდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3qWQdNH; https://bit.ly/3flRKaV; https://bit.ly/33dSXOw


9. ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ორი ქვითარი და ,,თელმიკოს'' განცხადება

კომპანია ,,თელმიკო’’-ს განცხადებით დეკემბერში მომხმარებლებმა ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ორი ქვითარი მიიღეს, რაც სრულ გადასახადს ასახავდა. პირველი ქვითარი მოსახლეობას ჩვეულ დროს მიუვიდა, ხოლო მეორე - დეკემბრის დარჩენილი დღეების ხარჯის ამსახველი იყო.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/33ifgT2

10. 1 იანვრიდან 1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან 1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა და მათი საგადამხდელო საშუალებად გამოყენება აღარ მოხდება. აღნიშნული წლების გამოშვების ბანკნოტების გადაცვლა კი საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრშია შესაძლებელი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3taT7B8

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები