მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი 10 ავტომობილი, BYD პირველ ევროპულ ქარხანას ააშენებს - კვირის მთავარი ავტოსიახლეები

BMGAUT

კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები


2023 წლის 9 თვის მონაცემებით, მსოფლიო საავტომობილო ბაზარი გაიზარდა და მისი უპირობო ლიდერი Tesla-ს ელექტრომობილი Model Y-ია, რომლის გაყიდვებიც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 65.9%-ით გაიზარდა. წლის სამი კვარტალის შედეგებს ავტო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ცენტრი - Focus2Move - აქვეყნებს, რომელიც თავის ანგარიშში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების რეიტინგს მსოფლიოს 162 ქვეყნის ყოველთვიურ მონაცემებზე დაყრდნობით ადგენს.
ანგარიშში მსოფლიოს მასშტაბით 100 ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია წარმოდგენილი, რომელთა შორისაც, მართალია, ტრადიციული, შიდა წვის ძრავზე მომუშავე მანქანები დომინირებენ, თუმცა, ცალსახად ჩანს, რომ ინდუსტრიაში ელექტრომობილების წილი მზარდია.


რაც შეეხება რეიტინგის TOP ათეულს, მის პირველ ადგილს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებლის, Tesla-ს ელექტრომობილი Model Y - 883 981 გაყიდული ერთეულით იკავებს, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3 პუნქტით დაწინაურდა.


რეიტინგის მეორე ადგილს გასული წლის ყველაზე პოპულარული მოდელი, Toyota Corolla იკავებს, რომლის გაყიდვებიც, 2022 წელთან შედარებით, 2.0%-ით შემცირდა და 815 035 ერთეული შეადგინა.


ყველაზე გაყიდვად ავტომობილთა ჩამონათვალში პირველი პიკაპი - Ford F-series მოხვდა, რომლის 672 117 ერთეული გაიყიდა, რაც კომპანიისთვის წლიურ ჭრილში 19.6%-იანი ზრდაა.

Toyota Rav 4 გასულ წელთან შედარებით 2 პუნქტით ჩამოქვეითდა და TOP ათეულში მეოთხე ადგილი 651 117 გაყიდული ერთეულით დაიკავა.

მეხუთე ადგილს Honda CR-V იკავებს, რომელმაც შარშანდელი შედეგები 8.1%-ით გააუმჯობესა. წელს, მსოფლიოს მასშტაბით, 493 767 CR-V გაიყიდა.

რეიტინგის შემდეგ ადგილს Toyota Camry მოხვდა, რომლის გაყიდვებიც წლიურ ჭრილში 5.5%-ით შემცირდა და 463 836 ერთეული შეადგინა.


რაც შეეხება Hyundai Tucson-ს, ამ მოდელის გაყიდვები, 2022 წლის 9 თვესთან შედარებით, 12.1%-ით გაიზარდა და 463 059 ერთეულით, ავტომობილი რეიტინგის მეშვიდე ადგილს იკავებს.


მერვე პოზიციას 453 640 გაყიდული ერთეულით Chevrolet Silverado იკავებს, რომელმაც გასული წლის შედეგები 4.9%-ით გააუმჯობესა.


ყველაზე პოპულარულ ავტომობილთა სიაში მოხვდა Toyota Hilux-იც - მსოფლიოში ამ მოდელის 435 834 ავტომობილი გაიყიდა.

დაბოლოს, ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების რეიტინგის RAM-ის პიკაპი ხურავს, რომლის გაყიდვებიც, გასულ წელთან შედარებით, 6.1%-ით შემცირდა და 395 234 ერთეული შეადგინა.


აღსანიშნავია ისიც, რომ TOP 100-ში თავიანთი პოზიციები ყველაზე თვალსაჩინოდ ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიებმა გაიუმჯობესეს, რომელთა შორის ხვდება BYD-იც, რომლის გაყიდვებიც 2023 წლის 9 თვის განმავლობაში 105.7%-ით გაიზარდა.


BYD პირველი ევროპული ავტოსაწარმოს აშენებას უნგრეთში გეგმავს


ელექტრომობილების მწარმოებელი უმსხვილესი კონგლომერატი BYD ევროპის მასშტაბით თავისი პირველი ქარხნის აშენებას უნგრეთში გეგმავს. ამ სიახლის შესახებ ცნობები პირველად გერმანულ მედიაში გავრცელდა, რასაც განსაკუთრებით ამყარებს ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და BYD-ის პრეზიდენტი, ვანგ ჩუანფუ ერთმანეთს პირადად შეხვდნენ.
როგორც ცნობილია, კომპანია ოფიციალურ განცხადებას წლის ბოლოს გააკეთებს და სამშენებლო გეგმასაც წარმოადგენს. უნგრეთში ქარხნის აშენებით BYD-ს ევროკავშირის ბაზარზე შესვლა და თავის დამკვიდრება სურს.
ამჟამინდელი მდგომარეობით, BYD მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტ ელექტრომობილსა და ჰიბრიდულ ავტომობილს აწარმოებს.

Tesla თავის გერმანულ ქარხანაში ბიუჯეტური ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს


ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla გერმანიაში შედარებით ბიუჯეტური, 25 000-ევროიანი ავტომობილის წარმოებას გეგმავს - ამის შესახებ Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. მედიისთვის ასევე უცნობია, რა ვადებში აპირებს ავტომწარმოებელი ახალი მოდელის გამოშვებას.
ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში ელექტრომობილებზე მაღალი ფასები და მაღალი საპროცენტო განაკვეთი ის ფაქტორებია, რის გამოც ამ ქვეყნებში ელექტრომობილების ფართომასშტაბიანი ათვისება ვერ ხერხდება. კვლევითი ორგანიზაცია JATO Dynamics-ის თანახმად, 2023 წელს ელექტრომობილის საშუალო ფასი ევროპაში 65 000 ევროს უტოლდება, რაც გაცილებით მაღალია, ვიდრე, მაგალითად ჩინეთში, სადაც ელექტრომობილს 31 000 ევროდ შეიძენთ.
მასკმა შედარებით ხელმისაწვდომი ელექტრომობილების წარმოების გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო, თუმცა ჯერ კიდევ 2022-ში აცხადებდა, რომ ტექნიკურად ამ მოდელის დახვეწა ჯერ არ შეეძლო, რის გამოც გეგმა დროებით თაროზე შემოიდო. ილონ მასკის ბერლინის მახლობლად მდებარე ქარხანას გასულ კვირას თავად ეწვია და ამის შესახებ საკუთარ სოციალურ ქსელ X-ით იტყობინებოდა. ანონიმური წყაროს თქმით, სწორედ ამ შეხვედრაზე გაასაჯაროვა მასკმა თავისი გეგმა, 25 000 ევროს ღირებულების ელექტრომობილის წარმოების შესახებ.


Porsche-მ ახალი თაობის Panamera-ს ინტერიერის ფოტოები გაასაჯაროვა


Porsche-მ ახალი თაობის Panamera-ს ინტერიერის ფოტოები გაასაჯაროვა. მესამე თაობის სპორტული ავტომობილის პრეზენტაცია 24 ნოემბერს შედგება. პრემიერის წინ კი მის მიმართ ინტერესის გასაღვივებლად გერმანულმა ბრენდმა პრაქტიკულად სრული ინტერიერის ჩვენება გადაწყვიტა. ახალი თაობის Panamera-ს ინტერიერი Taycan-ის სტილშია, მაგრამ ელექტრო მოდელისგან განსხვავებით, Panamera-ს ოთხი დისპლეი აქვს, ამასთან ინარჩუნებს ფიზიკურ ღილაკებს. ასევე სპორტულ მანქანაზე ოდნავ განახლებული Porsche-ს ლოგოა, რომელიც საჭეზე ჩანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები