მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს „ბაზალტ ფაიბერსი“ ₾7-8 მლნ-ის ბრუნვას ელის - „პოტენციალი გაცილებით დიდია“

64a6caa5c305b
ვიქტორია მღებრიშვილი
06.07.23 18:23
772
ქართული ტექნოლოგიით ბაზალტის ძაფისა და მისგან სხვადასხვა პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ბაზალტ ფაიბერსის“ წარმადობის შესაძლებლობა წელს 10-12 მლნ ლარამდე გაიზრდება, თუმცა კომპანიის პოტენციალი სიმძლავრეები კიდევ უფრო მეტად გაზარდოს, გაცილებით დიდია.

„ბაზალტ ფაიბერსის“ 2022 წლის ფინანსურ მაჩვენებლებსა და დღეს არსებულ მდგომარეობაზე კომპანიის დირექტორმა ივერი ქუცნაშვილმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა. მისი თქმით, მსოფლიოში ბაზალტის ქვისგან ბოჭკოს წარმოების 3-4 ტექნოლოგია არსებობს, რომელთა შორის ერთ-ერთი ქართულია. კომპანია წარმადობას ყოველწლიურად აძლიერებს და ადგილობრივთან ერთად 10-ზე მეტ საექსპორტო ქვეყანას სამშენებლო პროექტებში გამოსაყენებელ მასალებს აწვდის.

ივერი ქუცნაშვილის აღნიშნავს, რომ გასულ წელს ექსპორტის წილი გაყიდვებში 50%-მდე გაიზარდა.

„2022 წელი „ბაზალტ ფაიბერსისთვის“ გარდამტეხი იყო, რადგან მანამდე ჩვენი პროდუქტი ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდებოდა. გასულ წელს ექსპორტის წილი გაყიდვებში 50%-მდე ავიდა. ექსპორტის ზრდასთან ერთად ლარის გამყარება მოხდა, რამაც ჩვენ შემოსავლები შეგვიმცირა. შესაბამისად, შემოსავლის სახით 3.5 მლნ ლარი მივიღეთ, მაშინ როდესაც 2021 წლის კურსით 5 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო. ეს მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით მცირედით 10-20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია“, - ამბობს ქუცნაშვილი.

კითხვაზე - აისახა თუ არა ქვეყანაში 2022 წელს დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა კომპანიის წარმატებაზე, „ბაზალტ ფაიბერსის“ დირექტორი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში პროექტების შესრულების დროში გაწელვამ გასულ წელს ადგილობრივი პროექტებში მათი მონაწილეობის მაჩვენებელი შეამცირა, თუმცა იმის თქმა როგორ აისახა მშპ-ს ზრდა წარმოებაზე - რთულია.

„იმის გამო რომ გაყიდვების სტრუქტურის ცვლილება მოხდა, და ექსპორტის წილი 20-დან 50%-მდე გაიზარდა, რთული სათქმელია რა გავლენა მოახდინა გასული წლის ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ კომპანიის განვითარებაზე. ამასთან, ბევრი პროექტი რომელიც საქართველოში უნდა განხორციელებულიყო დროში გაიწელა და შესაბამისად, აქცენტი ექსპორტზე გაკეთდა, რა დროსაც ჩვენზე ლარის გამყარებამაც გავლენა იქონია“, - განმარტა კომპანიის დირექტორმა.

2023 წელს „ბაზალტ ფაიბერსი“ 7-8 მლნ ლარის ბრუნვას ელის, რაც კომპანიის დინამიური განვითარების შედეგია.

„წელს 10-12 მლნ ლარის ღირებულების პროდუქტის წარმადობის შესაძლებლობა გვექნება, ეს არ ნიშნავს რომ ამდენს ვაწარმოებთ, ამის შესაძლებლობა გვაქვს. ეს არ არის დიდი მაჩვენებელი თუ შევადარებთ პოტენციალს, პოტენციალი გაცილებით დიდია.

წელს ბრუნვა 7-8 მლნ ლარი უნდა იყოს. კომპანია დინამიურად ვითარდება და ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ახალ პროდუქტს ვამატებთ, რაც ახალ ბაზრებსა და ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს, რომლის პროგნოზირება და დაგეგმვა ტრადიციული წარმოებებისთვის შეუძლებელია“, - განმარტა ივერი ქუცნაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები