მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

62 163 ვიზიტი 11 თვეში - რა როლი აქვს ყაზახეთს საქართველოს ტურიზმში?

61dac1b707bfe
მარიამ ვარადაშვილი
09.01.22 16:21
732

ყაზახეთი რამდენიმე დღეა ყველაზე მწვავე კრიზისშია. არეულობას ათობით ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ქვეყანაში რუსული და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) სამშვიდობო მისია შევიდა. უცნობია კიდევ რამდენ ხანს გასტანს ქვეყანაში არსებული ვითარება.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ყაზახეთთან დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს და ექსპორტი იმპორტს აღემატება. საქსტატის მონაცემებით, 2013 წლიდან მოყოლებული ყაზახეთში ექსპორტი იმპორტზე მეტი იყო.

ყაზახეთს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს საქართველოს ტურიზმშიც.

2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების კუთხით ყაზახეთი ათეულში შედის. გასული წლის 11 თვეში ყაზახეთიდან საქართველოში 62 163 ვიზიტი განხორციელდა, რაც 35%-ით ნაკლებია პანდემიანდელ 2019 წელთან შედარებით, ხოლო 374.1%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე. 

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაპირსპირების ფონზე ყაზახურმა ავიაკომპანიამ Air Astana-მ ალმათის მიმართულებით ფრენები გააუქმა. ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში ორჯერ ასრულებდა ფრენებს. როგორც BMG-ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანიაში განუცხადეს, ამ დროისთვის უცნობია როდემდე გააუქმა ავიაკომპანიამ ფრენები.

ბაზარზე რჩება კიდევ ორი ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines და Air Astana-ს შვილობილი ბიუჯეტური flyarystan, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავს.


როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ აისახება ყაზახეთში მიმდინარე პროცესები საქართველოზე, ამ ეტაპზე რთული სათქმელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები