საქართველოს ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ამ მასშტაბის ომის სანქციებით გაჩერება საეჭვოა. ის ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იზიარებს.
კითხვაზე - "ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციები არ მუშაობს, თქვენც ფიქრობთ, რომ საქართველო მიდის დინების საწინააღმდეგოდ და დასავლეთმა არ იცის რა შედეგები მოჰყვება სანქციებს", კულტურის მინისტრმა ჟურნალისტი შეაჩერა და უპასუხა:
„ძალიან ცუდად ახსენებთ ამ „ც“-ს, რას ნიშნავს „მეც“ - მე ამ მთავრობის წევრი ვარ და მე ვარ პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული ვიცე-პრემიერი და რა თქმა უნდა, მე არ ვარ „ც“. მე ზუსტად იგივეს ვფიქრობ, რასაც პრემიერ-მინისტრი აჟღერებს.
საქართველოს პრემიერი მარტივ რამეს ამბობს, რომ ომის ის მასშტაბი, რაც სამწუხაროდ, ჩვენს კონტინენტზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკრაინაში გაიშალა, ამის გაჩერება საეჭვოა შეეძლოს იმ სანქციებს, რომელიც ამუშავდა, საეჭვოა და ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს. ამაზე ჩვენ უნდა დავსვათ კითხვები იქ, სადაც ეს შესაძლებელია.
საქართველოს აქვს ის შესაძლებლობა, რაც აქვს; მესმის, რომ მტკივნეულია მოისმინოთ, რომ საქართველო არ არის ყოვლისშემძლე. საქართველო პატარა ოკუპირებული ქვეყანაა, ჩვენ გამოვლილი გვაქვს ის, რასაც ახლა ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხი გადის, ამიტომ ცოტა სხვანაირად გავაანალიზოთ მოვლენები“, - განმარტა თეა წულუკიანმა.




























