რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში ამფითეატრის პროექტი განხორციელდება. ამფითეატრის მშენებლობის პროექტირება უკვე დასრულებულია და პროექტის განხორციელების მიზნით ფინანსური რესურსის მოძიება მიმდინარეობს - ინფორმაციას ამის შესახებ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
გოჩა ენუქიძე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ამფითეატრი მომავალში რაჭის მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტი გახდება, რაც რეგიონში ტურიზმის და ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებას განაპირობებს.
„ქ. ამბროლაურში ამბროლაურში ამფითეატრის მშენებლობის პროექტირება დასრულდა. პროექტის განხორციელების მიზნით ფინანსური რესურსის მოძიება მიმდინარეობს, რომლის შემდგომაც გურგენიძის ქუჩის მიმდებარედ, ე.წ. ,,ქვაბტკრის“ ტერიტორიაზე ამფითეატრის მშენებლობა დაიგეგმება, რომელიც მომავალში რაჭის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტი გახდება.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საგამოფენო დარბაზის, სცენის, საპარკინგე სივრცისა და სხვა დამხმარე ნაგებობების მშენებლობა, ასევე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ამფითეატრი ყოველწლიურად უმასპინძლებს სხვადასხვა ღონისძიებებს, ფესტივალებსა და გალა-კონცერტებს, რაც ხელს შეუწყობს ქართველი და უცხოელი ტურისტების ნაკადის ზრდას და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შეთავაზებას. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ტურიზმის სფეროს განვითარებასა და რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“, - ნათქვამია მაჟორიტარი დეპუტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
BM.GE დაინტერესდა: რა ღირებულების არის პროექტი, საიდან იგეგმება ფინანსური რესურსის მოძიება და რა ვადებში განხორციელდება - ამ კითხვებით მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მივმართეთ.
მათი ინფორმაციით, პროექტის საწყისი ღირებულება 2 მილიონ 300 ათასი ლარია. ამფითეატრი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოცხადების შემდეგ 2 წლის განმავლობაში უნდა აშენდეს. თანხების მოძიება კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამით არის დაგეგმილი.