მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ერთ თვემდე შემცირდა - Glamping Georgia

Glamping Georgia

რაჭაში, სოფელ კრიხში მდებარე ტურისტული ობიექტის, Glamping Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე bm.ge-სთან გასულ ზაფხულის სეზონს აჯამებს. მისი შეფასებით, რეგიონში აქტიური ტურისტული პერიოდი წლიდან წლამდე მცირდება და წელს სრული დატვირთვით მუშაობა, ფაქტობრივად, მხოლოდ აგვისტოს თვეში მოხერხდა.

როგორც ისაკაძე განმარტავს, სეზონის დაგვიანებასა და შემოკლებაზე წელს უამინდობამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

"წინა წლებთან შედარებით სეზონი გვიან დაიწყო. თითქოს ყოველ წელს პატარავდება ეს აქტიური პერიოდი. წელს ამინდებმაც იმოქმედა - მთელი ზაფხული ნაწილობრივ ღრუბლიანი იყო და ყველა გამოდარებას ელოდებოდა. ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, სრული დატვირთვით აქტიური სეზონი, ფაქტობრივად, აგვისტოში დაიწყო და დღემდე გაგრძელდა, დღეიდან კი უკვე ჯავშნების შემცირება შეინიშნება.

ადრე თუ აქტიურობა სადღაც 6 თვე გრძელდებოდა და იქიდან დაახლოებით 3 თვე შედარებით მეტად დატვირთული იყო, ახლა ეს მაჩვენებელი, ფაქტობრივად, ერთ თვემდეა ჩამოსული", - აცხადებს გიორგი ისაკაძე.

რაც შეეხება დამსვენებლების სეგმენტს, Glamping Georgia-ს სტუმრების ნახევარს ადგილობრივები, ნახევარს კი უცხოელი მოგზაურები შეადგენენ. ობიექტის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პანდემიის შემდეგ გაჩენილი რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების ფონზე, მიმდინარე სეზონზე ევროპელი ტურისტების დაბრუნება სასიხარულო ტენდენციაა.

"ყველანაირი სეგმენტი გვყავს - დაახლოებით ნახევარი ქართველები არიან, დანარჩენი კი უცხოელები. პანდემიამდე, როდესაც ობიექტი გავხსენით, ძირითადად ევროპიდან და ისრაელიდან გვყავდა ვიზიტორები. პანდემიის შემდეგ ძალიან მოიმატა რუსების რაოდენობამ და, ფაქტობრივად, მათზე დამოკიდებული გავხდით. წელს კი სასიხარულო ის არის, რომ თითქოს ევროპა ისევ წამოვიდა, გამოჩნდნენ და ამ მხრივ მცირე მატება გვაქვს", - ამბობს Glamping Georgia-ს დამფუძნებელი.

გიორგი ისაკაძის ხედვით, იმისთვის, რომ რაჭაში ტურისტული სეზონი გახანგრძლივდეს და მეტი ვიზიტორი მოიზიდოს, მხოლოდ ბუნებრივი და ისტორიული რესურსი საკმარისი აღარ არის და რეგიონს ახალი მიზიდულობის ცენტრები ესაჭიროება: "მიმაჩნია, რომ რაღაც ახალი ატრაქცია უნდა შეიქმნას - ერთი-ორი მიზიდულობის წერტილი მაინც უნდა გაკეთდეს, რაც ადამიანებისთვის რაჭაში ჩამოსვლის დამატებითი მიზეზი იქნება, გარდა იმისა, რომ ლამაზი ბუნება და რამდენიმე ისტორიული ძეგლი გვაქვს. ეს შესაბამისად, სეზონსაც გაახანგრძლივებს".

Glamping Georgia-ს დამფუძნებელი ასევე ყურადღებას ამახვილებს რეგიონში არსებულ სერვისებსა და საკადრო გამოწვევებზე. მისი თქმით, ინფრასტრუქტურა ვითარდება, თუმცა მოკლე სეზონი ბიზნესს კვალიფიციური კადრების შენარჩუნების შესაძლებლობას უზღუდავს.

"წელს ნამდვილად უკეთესი სიტუაცია გვაქვს მომსახურებისა და კვების ობიექტების კუთხით - ამბროლაურში რამდენიმე საინტერესო წერტილი დაემატა. თუმცა, ასეთი მცირე სეზონის პირობებში ბიზნესის კეთება ყველას გაუჭირდება. ადამიანები ინვესტიციებს დებენ, ცდილობენ, მაგრამ მაღალკვალიფიციურ კადრს ვერ მოიზიდავ, რადგან ხელფასს ვერ გადაუხდი წელიწადში მხოლოდ ერთი ან ორი თვის მუშაობისთვის. ყველაფერი ისევ იმაზეა მიბმული, რომ სეზონი როგორმე ცოტათი მაინც გაიზარდოს, დანარჩენს კი ბიზნესი თავისით მიხედავს და განვითარდება", - ამბობს გიორგი ისაკაძე.

რაც შეეხება შემოდგომის პერიოდსა და რთველს, ისაკაძე აღნიშნავს, რომ ეს პროცესი ტურიზმის აქტივობაზე დიდად არ აისახება.

"რთველის პერიოდში ტურისტების მხრივ აქტიურობა დიდად არ იზრდება. მომართვიანობა უფრო მათგან მატულობს, ვინც უშუალოდ რთველშია ჩართული - ღვინის ქარხნები, კომპანიები და ა.შ., თუმცა როგორც ტურისტული ნაკადი, ეს ნაკლებად იგრძნობა. ბიზნესი თუ მყარად დადგება ფეხზე, შემდგომ უკვე თვითონვე მოიფიქრებს განვითარების გზებს", - აღნიშნავს გიორგი ისაკაძე.

Glamping Georgia Krikhi რაჭაში 2018 წელს გაიხსნა. სასტუმრო ობიექტი 10 გლემპინგ-კარავს აერთიანებს. გლემპინგ-სასტუმროს ერთი ღამით ქირაობა, კაცზე ₾210-დან იწყება და, ნომრის ტიპის მიხედვით, ₾500-მდე იზრდება. ხელმისაწვდომია როგორც ერთ, ისე ორ, სამ, ოთხ და ხუთ ადამიანზე გათვლილი ნომრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები