მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არტ რაჭაში“ უცხოელი ტურისტების წილი 40%-მდე იყო - სასტუმრომ მარკეტინგული ხარჯი გააორმაგა

არტ რაჭა

რაჭაში მდებარე საოჯახო სასტუმროში „არტ რაჭა“ წელს სტუმრების დაახლოებით 40% უცხოელი ტურისტები იყვნენ, 60% კი, ქართველი დამსვენებლები.

როგორც სასტუმროს დამფუძნებელმა მარიამ ჭარხალაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" განაცხადა, უცხოელი ვიზიტორებიდან ყველაზე აქტიურად გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები ფიქსირდებოდნენ.

მისი თქმით, მიმდინარე წლის სეზონის დინამიკა წინა წლებისგან განსხვავებული იყო და წლის პირველ ნახევარში ბიზნესს ამინდის ფაქტორმა ხელი შეუშალა.

„წლევანდელი სეზონი ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ აგვისტოში საკმაოდ ბევრი სტუმარი გვყავდა, თუმცა წინა წლებს თუ შევადარებთ, ცოტა განსხვავებული სურათი დაფიქსირდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამინდებმა დიდად ხელი არ შეგვიწყო ივნისსა და ივლისში, წინა წლების სტატისტიკისგან განსხვავებით, წელს შედარებით ნაკლები ჯავშანი დაფიქსირდა, თუმცა აგვისტო საკმაოდ კარგი იყო“, - განაცხადა მარიამ ჭარხალაშვილმა.

სასტუმროს დამფუძნებლის ინფორმაციით, „არტ რაჭას“ მომხმარებელი ძირითადად საშუალო მხარჯველუნარიანი სეგმენტია. მისივე შეფასებით, სტუმრებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასტუმროში დარჩენა, არამედ ადგილობრივი გარემოსა და კულტურის გაცნობაც.

„შეხება უფრო საშუალო მხარჯველუნარიან სექტორთან გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საოჯახო სასტუმროა და ჩვენი სამიზნე აუდიტორია ძირითადად ისეთი სტუმრები არიან, რომლებსაც უნდათ ადგილობრივი გამოცდილება მიიღონ, ჩაერთონ და გაეცნონ ქართულ კულტურას - უფრო რაჭულს ჩვენს შემთხვევაში“, - განაცხადა „არტ რაჭას“ დამფუძნებელმა.

ამ მოთხოვნის შესაბამისად, სასტუმრო სტუმრებს სხვადასხვა სახელოვნებო აქტივობასაც სთავაზობს. წელს თექისა და ფოტოგრაფიის მასტერკლასები ჩატარდა, თუმცა, როგორც ჭარხალაშვილი ამბობს, ამ მიმართულებით ბიზნესისთვის ახალი ტენდენცია გამოიკვეთა.

„წელს პირველად დაფიქსირდა ისეთი შემთხვევა, რომ უკვე თავიანთი ინიციატივით გვიკავშირდებოდნენ სტუმრები და გვთხოვდნენ, რომ ჩაგვეტარებინა მათთვის მასტერკლასები და თუ იქნებოდა შესაძლებელი, წინასწარ დაეჯავშნათ. წინა წლებში ასეთი გამოცდილება გვქონდა, რომ ძირითადად წინასწარ ვაორგანიზებდით, ვიწვევდით ლექტორებს და წინასწარ იყო ყველაფერი გაწერილი. წელს უკვე ეს სურათი შეიცვალა და მიხარია, რომ უკვე მხოლოდ ჩვენ კი არ ვთავაზობთ, არამედ პირიქით, თვითონაც გვპოულობენ უკვე და ჩვენც ამ მიმართულებას, ამ ნიშას ასე მივყვებით“, - განაცხადა მარიამ ჭარხალაშვილმა.

მისივე თქმით, დაგეგმილ ვორქშოფებსა და სპონტანურად ორგანიზებულ მასტერკლასებს სხვადასხვა ტიპის სტუმრები ირჩევენ. წინასწარ დაგეგმილ ღონისძიებებზე ადგილებს ძირითადად ქართველი ვიზიტორები ჯავშნიან, უცხოელი ტურისტების შემთხვევაში კი მოთხოვნა უფრო სპონტანურ ფორმატზე მოდის.

სასტუმრო დამატებით ტურების დაგეგმვასა და ლოგისტიკური საკითხების მოგვარებაშიც ეხმარება სტუმრებს. როგორც დამფუძნებელი ამბობს, ეს მომსახურება სტუმრების საჭიროებების მიხედვით ყალიბდება და ბიზნესის დაგეგმვისას წინა წლების გამოცდილებასთან ერთად მომხმარებლის მიმდინარე მოთხოვნებიც არის გათვალისწინებული.

„ვცდილობთ ხოლმე გავითვალისწინოთ გასული წლების შედეგები, სტატისტიკას გადავავლოთ ყოველთვის თვალი და ამის მიხედვით განვსაზღვროთ ხოლმე უკვე შემდეგი, ახალი წლის დაგეგმვა. გეგმებში ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი სტუმრების სურვილებს, რადგან მნიშვნელოვანი არის რას გვთხოვს ბაზარი. ერთი არის ჩვენ რას ვთავაზობთ და მეორე არის უკვე სტუმრების მხრიდან რა მოთხოვნა მოდის ხოლმე და შესაბამისად ვცდილობთ, რომ დავაბალანსოთ“, - აღნიშნა მან.

„არტ რაჭა“ ამ მიმართულებით სერვისების გაფართოებასაც გეგმავს. როგორც ობიექტის წარმომადგენელი ინტერვიუში ამბობს, სასტუმრომ გიდის ფუნქციის მქონე თანამშრომლის მომსახურება პირველად გასულ წელს დაამატა, წელს კი, სერვისი კვლავ მოთხოვნადი იყო.

„შარშან პირველად გვქონდა ისეთი სერვისი, რომ გვყავდა თანამშრომელი, რომელიც გამყოლის, გიდის ფუნქციას ითავსებდა. შარშან შევთავაზეთ პირველად ეს სერვისი, წელსაც საკმაოდ პოპულარული იყო და რა თქმა უნდა, მომავალშიც კიდევ უფრო განვავითარებთ ამ მიმართულებასაც და უფრო მრავალფეროვან სერვისებს შევთავაზებთ სტუმრებს“, - განაცხადა ჭარხალაშვილმა.

ბიზნესის წინაშე კიდევ ერთი ამოცანა მომხმარებლების მოზიდვისთვის კონკურენტულ გარემოში პოზიციების შენარჩუნებაა. ამისთვის „არტ რაჭამ“ მიმდინარე წელს მარკეტინგული აქტივობები გააფართოვა.

„შარშანდელ წელს თუ შევადარებთ ამ სტატისტიკას, საინტერესო არის, რომ შარშანდელთან შედარებით წელს უფრო გავაორმაგეთ მარკეტინგული ხარჯები და აქტივობები, რადგან კონკურენციაც საკმაოდ გაიზარდა და გვინდა, რომ ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე ვიყოთ ჩვენი მიმართულებით. ამიტომ ვცდილობთ, რომ არ ჩამოვრჩეთ იმ ტენდენციებს, რასაც მოითხოვს ბაზარი“, - განაცხადა ჭარხალაშვილმა.

ადგილობრივ ბაზარზე სასტუმრო მომხმარებლების მოსაზიდად სოციალურ მედიას იყენებს, უცხოელი ტურისტების შემთხვევაში კი საერთაშორისო პლატფორმებზეა ორიენტირებული : „უცხოელ ტურისტებს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში უფრო საერთაშორისო პლატფორმებს ვანიჭებთ ხოლმე უპირატესობას. კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაში Booking-ს ვაქცევთ უფრო დიდ ყურადღებას, რომ უცხოელი ტურისტები მოვიზიდოთ აქტიურად“, - ამბობს „არტ რაჭას“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები