მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რაჭას ერთი დიდი ინვესტიცია სჭირდება“ - „ჭრებალოს მარნის“ დამფუძნებელი რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე

ჭრებალოს მარანი

რაჭაში ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებისთვის მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებაა საჭირო. „ჭრებალოს მარნის“ დამფუძნებლის, სალომე ლეკიშვილის შეფასებით, რეგიონში ერთი დიდი სასტუმროს ან სასტუმრო ქსელის გამოჩენა ტურისტების მოზიდვასთან ერთად ადგილობრივი მომწოდებლებისა და მცირე ბიზნესების განვითარებასაც შეუწყობდა ხელს.

როგორც მან „ქალების ნარატივის“ ეთერში განაცხადა, რაჭაში ამ ეტაპზე ისეთი მსხვილი სასტუმრო პროექტი არ არსებობს, რომელიც რეგიონში ტურისტული ნაკადების ზრდასა და მომსახურების სფეროს უფრო ფართო განვითარებას შეუწყობდა ხელს.

„ვფიქრობ, პირველ რიგში ენთუზიაზმი და სურვილია საჭირო. ჩემი ხედვით, მნიშვნელოვანია, რომ თავდაპირველად ერთი დიდი ინვესტიცია განხორციელდეს, როგორც ეს სხვა რეგიონებში მოხდა, მაგალითად, კახეთსა და ყაზბეგში. ერთი მსხვილი პროექტი უნდა გაჩნდეს, რომელსაც შემდეგ სხვა პატარა ობიექტებიც აჰყვებიან, მათ შორის ისეთი ბიზნესები, როგორიც ჩვენ ვართ“, - განაცხადა ლეკიშვილმა.

მისი თქმით, მსხვილი სასტუმრო პროექტის ეფექტი მხოლოდ სტუმრების რაოდენობის ზრდით არ შემოიფარგლება. ასეთი ობიექტი ადგილობრივ ბაზარზე დამატებით მოთხოვნას შექმნის და სხვა ბიზნესებსაც მისცემს განვითარების შესაძლებლობას.

„რაჭაში ჯერჯერობით არ არის ერთი დიდი სასტუმრო ან სასტუმრო ქსელი. ასეთ ბრენდს სტუმრებიც მოჰყავს და მომწოდებლებიც სჭირდება. ამას შემდეგ სხვა ბიზნესებიც მოჰყვება და რეგიონს ძალიან დაეხმარება. ჩემი აზრით, სწორედ ეს სჭირდება ახლა რაჭას“, - აღნიშნა მან.

ლეკიშვილის განმარტებით, მომწოდებლების მოძიება კომპანიის საქმიანობის საწყის ეტაპზე რთული იყო, რადგან რეგიონში შესაბამისი ბიზნესების რაოდენობა მცირე გახლდათ. მისი შეფასებით, მდგომარეობა თანდათან შეიცვალა - ბაზარზე გამოჩნდნენ კერძო კომპანიები და ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებთანაც თანამშრომლობა უფრო სტაბილური გახდა.

„როდესაც რაჭაში პირველად გავიხსენით, ფაქტობრივად, ობიექტები არ არსებობდა და მომწოდებლებიც ძალიან მცირედ იყვნენ წარმოდგენილი. ახლა უკვე არიან კერძო კომპანიები და გლეხებიც, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. მრავალი წელია ერთი და იგივე მომწოდებლები გვყავს და სტაბილურობას ვინარჩუნებთ. ხარისხისთვის მნიშვნელოვანია, რომ მუდმივი მომწოდებელი გყავდეს და გემოს შენარჩუნება შეგეძლოს“, - განაცხადა მან.

კომპანიის დამფუძნებლის შეფასებით, ადგილობრივი ბიზნესების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კერძო ინვესტიციები, არამედ რეგიონის პოტენციალის სრულად გამოყენებაც. ამ პროცესში „ჭრებალო მარანი“ საკუთარ წვლილს საქმიანობის გაფართოებით შეიტანს - კომპანია მომავალი წლის ზაფხულში 7-ნომრიანი სასტუმროს გახსნას გეგმავს. ლეკიშვილის თქმით, რაჭაში პრემიუმ სეგმენტის განვითარება ეტაპობრივად მიმდინარეობს და იმედოვნებს, რომ ახალი სასტუმროს პროექტს მომავალში სხვა ინიციატივებიც მოჰყვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები