მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ შეიძლება დათქმა ვადებზე - ხარ კვების ინდუსტრიიდან? გეკუთვნის დენის სუბსიდია და წერტილი“

601d4d5b18b8e
ელენე გოგბერაშვილი
05.02.21 19:00
1099

ბიზნესს დააგვიანდა. კვების ინდუსტრიიდან არც თუ ისე ცოტა კომპანია ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის  სუბსიდირების მიღმა აღმოჩნდა. მართალია, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გასული თვის ბოლოს კერძო სექტორი დაამშვიდა და უთხრა, რომ „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ აბონენტებს, რომელთაც 1 იანვრიდან ტარიფი საშულოდ 11-13 თეთრით გაეზარდათ, სახელმწიფო ნაზარდი ტარიფის 50%-ს დაუფარავდა, თუმცა შეღავათის მისაღებად მთავრობამ კერძო სექტორს რეგიტრაციისთვის მხოლოდ 2 კვირა (13-27 იანვარი) მისცა. საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ეს ინფორმაცია ბევრს გამორჩა ან რეგისტრაცია ვერ მოასწრეს. ბიზნესი მთავრობას არასათანადო კომუნიკაციის გამო აკრიტიკებს. კუთვნილი შეღავათის მისაღებად კონკრეტული ვადის დადგენა საკვები პროდუქტების მწარმოებლებისთვის მიუღებელია,  რადგან თვლიან, რომ თუ სექტორს შეღავათი ეკუთვნის, ვადების გამო სახელმწიფო ბიზნესს არ უნდა ზღუდავდეს.


„აქ მთავარი დათქმა არის ის, რომ კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები მიიღებენ ამ დახმარებას. ამის შემდეგ რაიმე ვადების დათქმა არის აბსოლუტურად გაუგებარი ხედვა მთავრობის მხრიდან - თუკი გამოვყავით წარმოების სექტორი, იმან რეგისტრაცია ერთ კვირაში გაიარა, ორ კვირაში თუ სამ კვირაში, ამაზე დათქმები რა საჭიროა?! რას ემსახურება დროის დათქმა?! - ალბათ ერთადერთ რამეს, რომ რაც შეიძლება კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ კომპანიების წილი, ვინც ჩაერთვება ამ პროგრამაში და მიიღებს შეღავათს. სხვა შემთხვევაში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ეს არის ჩემი, როგორც ბიზნეს გაერთიანების წარმომადგენლის პოზიცია.

რასაკვირველია, ეს ვადები უნდა გაგრძელდეს ან რეგისტრაციის პროცესი თავიდან უნდა გამოცხადდეს. ამას ალტერნატივა არ აქვს და ამაზე კამათი არ შეიძლება - ხარ კვების ინდუსტრიის კომპანია? გეკუთვნის სუბსიდია და წერტილი.

გასაგებია, რომ მთავრობას ბევრი ხარჯი აქვს ბიუჯეტიდან, მაგრამ რაც ითქვა, ის უნდა გაკეთდეს და გაკეთდეს სწორად. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ბიზნესს გასაგებ ენაზე უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ანუ მიმდინარეობდეს სწორი კომუნიკაცია, რაც ბიზნესთან ურთიერთობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია; როდესაც არ არის გარკვეული ყველა დეტალი, არის სარისკო და ფაქტი სახეზეა, შეიქმნა კიდევაც პრობლემა“, - აცხადებს სანდრო რატიშვილი, გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი.

Bm.ge-ის კითხვაზე - ცალკეული ბიზნესებისგან განსხვავებით, მათთან, როგორც ასოციაციასთან რამდენად იყო მთავრობის შესაბამისი სტრუქტურის მხრიდან აქტიური კომუნიკაცია, ის ასე გვპასუხობს: "ჩვენ როგორ გავიგეთ? - ვერანაირად ვერ გავიგეთ. ვიცი რა, გამოცდილებიდან გამომდინარე როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორ მოქმედებს სამთავრობო ბიუროკრატია და რა ტიპის კომუნიკაცია ხდება ბიზნესთან, ჩვენ თვითონ ვიზრუნეთ, რადგან ვიცოდით, რომ ახლოვდებოდა გადახდის დრო და არაფერი ვიცოდით, რა როგორ დაითვლებოდა. შესაბამისად, ინიციატივა გამოვიჩინეთ და გავარკვიეთ. ეს ჩვენი დამსახურებაა და არა მთავრობის მხრიდან დროულად მოწოდებული ინფორმაციის.

გადასახადის გადამხდელთა კავშირის გარდა, კვების ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებისთვის კუთვნილი სუბსიდიის მისაღებად სარეგისტრაციო ვადის გაგრძელებას ითხოვს, როგორც დამსაქმებელთა ასოციაცია, ისე მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაცია და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის მინისტრი, რომლის უწყებაც ამ პროცესებს კურირებს, საინფორმაციო თვალსაზრისით პრობლემის არსებობას გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ბიზნესისთვის რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების საკითხზე მსჯელობა შესაძლებელია.

"ჩვენამდე არ მოსულა ინფორმაცია, რომ ბიზნესების დიდი ჯგუფი ინფორმირების გარეშე დარჩა ან დაუგვიანდათ დარეგისტრირება... თუ ასე, შემდეგ ვიმსჯელებთ ამაზე. შეიძლება ვიღაცისთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი დანახარჯი და ვიღაცამ დიდად ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, ვითნამშრომლოთ ამ ბიზნესებთან“, - განაცხადა გუშინ bm.ge-ის კითხვაზე საპასუხოდ ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები