მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესში ცალმხრივი დიქტატი უნდა დასრულდეს - ალექსანდრე რატიშვილი “არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის” კანონპროექტს მიესალმება

ალექსანდრე რატიშვილი

"სასურსათო ჯაჭვში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფო რეგულაციების შემოღება აუცილებელი ნაბიჯია", - ამის შესახებ BMG-სთან „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ თავმჯდომარე, კომპანია „ემსიბი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი ალექსანდრე რატიშვილი საუბრობს.

ბიზნესმენი „არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ“ კანონპროექტის შემოტანას მიესალმება და აცხადებს, რომ მიმწოდებლებსა და მსხვილ სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობა წლების განმავლობაში, არასამართლიან პრინციპებზე იყო აგებული. რატიშვილის თქმით, ბაზარზე არსებული „დიქტატი“ მწარმოებლებს მძიმე ტვირთად აწვებათ, რაც სხვადასხვა ტიპის გადასახადებით გამოიხატება, როგორიცაა თაროზე განთავსების მოსაკრებელი, შესვლის საფასური და ე.წ. „რეტრო-ბონუსები“ (ქეშბექი).

„ჩვენ, მიმწოდებლებს, გვაქვს ინტერესი, რომ ვაჭრობის სისტემაში თავი ვიგრძნოთ თანაბარუფლებიან პარტნიორებად და არა ცალმხრივი დიქტატის ქვეშ მყოფ მხარედ, რომელიც იძულებულია დაეთანხმოს ნებისმიერ პირობას,“ - აღნიშნავს რატიშვილი BMG-სთან.

მისივე თქმით, მართალია „ქეშბექის“ პრაქტიკა მსოფლიოში მიღებულია, თუმცა, საქართველოში მას გარკვეული ჩარჩოები და ლიმიტები უნდა დაუწესდეს, რათა ადგილობრივი წარმოება არ დაზარალდეს.

რატიშვილის თქმით, კიდევ ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც ახალმა კანონმდებლობამ უნდა დაარეგულიროს, სავაჭრო ქსელების მხრიდან მიმწოდებლების ვალდებულებაა - პროდუქცია ყველა ახალგახსნილ ობიექტში შეიტანონ. როგორც ის ამბობს, ხშირ შემთხვევაში, მწარმოებლების მიერ დისტრიბუციაზე გაწეული ხარჯი აღემატება გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს, რაც მცირე და საშუალო მეწარმეებს აზარალებს.

„თბილისში მაღაზიების გახსნის ისეთი ტემპია, რომელსაც ცივილიზებულ სამყაროში ვერ ნახავთ. კონკურენციის წესები ირღვევა, როდესაც ერთმანეთის გვერდით უამრავი ობიექტი იხსნება. მწარმოებელი კი ვალდებულია ყველგან მიიტანოს საქონელი, მაშინაც კი, თუ იქ პროდუქციის მიტანა უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე თავად ნაწარმის ღირებულებაა,“ - აცხადებს რატიშვილი.

ამასთან, მისი აზრით, მხოლოდ სავაჭრო პრაქტიკის დარეგულირება წარმოების პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ამას გარდა, „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარებისთვის საჭიროა: წვდომა „იაფ ფულზე“ და საბანკო საპროცენტო განაკვეთების გადახედვა; ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება (მაგალითად, ახალი ქარხნის მშენებლობისას არსებული რთული ნებართვები); საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დახვეწა და სხვა.

„ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები, რომ ინვესტორი დაინტერესდეს რეალურ ეკონომიკაში ფულის ჩადებით. დღეს კი, იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო გვერდში დაგვიდგეს ახალი საწარმოს მშენებლობისას, პირიქით ხდება – ბიუროკრატია საქმეს ართულებს. მხოლოდ ერთი კანონით პრობლემა ფუნდამენტურად ვერ მოგვარდება, საჭიროა კომპლექსური მიდგომა,“ - დასძინა ალექსანდრე რატიშვილმა.

ფასების კომისიის რეკომენდაციით, მთავრობა „სურსათის მიწოდების ჯაჭვში არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის აკრძალვის შესახებ“ კანონის შემოტანას გეგმავს. კანონპროექტი ერთ-ერთია, იმ 65 ინიციატივას შორის, რომელსაც მთავრობა პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარუდგენს. ინიციატივის წარმდგენი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. ხელისუფლება ცვლილებების შინაარსზე ჯერჯერობით, არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ სურსათის მიწოდების ჯაჭვში არსებობს მოლაპარაკებითი ძალაუფლების დისბალანსი. მყიდველები მიმწოდებლებს ცალმხრივად და უსამართლოდ უწესებენ პირობებს, მათ შორის, გადახდის გადავადებას, შეკვეთების დაგვიანებით გაუქმებას, თაროზე განთავსებისა და მარკეტინგის ხარჯების დაკისრებას და ა.შ., რაც საფრთხეს უქმნის სასურსათო ჯაჭვის მდგრადობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები