მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ასტრაზენეკათი“ ბუსტერ-დოზა არ გაკეთდება - რა ხდება სხვა ვაქცინების შემთხვევაში?

615ff59ea2ce9
ინგა მურუსიძე
08.10.21 20:50
977
50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები, ევროპაში ან აშშ-ში გამგზავრების მსურველი მოქალაქე, რომელსაც აცრა ჩინური ვაქცინებით აქვს ჩატარებული, ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები, ექიმები, დახურულ დაწესებულებაში მყოფი ფა მომუშავე პირები - ეს იმ მიზნობრივი ჯგუფების ჩამონათვალია, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ბუსტერ-დოზების გაკეთება შეუძლიათ.

გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ გუშინ მიიღო და განმარტებებიც გუშინვე გაკეთდა, თუმცა მოქალაქეებში საკითხზე არაერთი კითხვა დარჩა, მათ შორის იმის შესახებ, თუ რომელი ვაქცინით აცრილს, რომელი ბუსტერ-ვაქცინა შეუძლია გაიკეთოს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, ერთადერთი ვაქცინა, რომლითაც ბუსტერ-დოზის გაკეთება აკრძალულია, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაა, ხოლო „ფაიზერით“, „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილებს შეუძლიათ სასურველი და ხელმისაწვდომი ვაქცინით აიცრან.

თუმცა კითხვები მაინც დარჩა, რადგან საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ამბობდა: „ბუსტერ-დოზა შესაძლოა გაკეთდეს „ფაიზერის“ ვაქცინით, რადგან ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით ჩინეთში კვლევები ახლა მიმდინარეობს. სავარაუდოდ მოგვიანებით ამ ვაქცინების ბუსტერებსაც დავუშვებთ“.

იგივე გაიმეორა დღეს ჯანდაცვის მინისტრმაც, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, როგორც ჩინური „სინოფარმით“, ისე „ასტრაზენეკათი“ აცრილი მოქალაქეები ბუსტერ-დოზებად „ფაიზერის“ ვაქცინებს მიიღებენ.

Bm.ge შეეცადა ჯანდაცვის სამინისტროსგან მიეღო სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა გადაწყვიტა სინამდვილეში იმუნიზაციის საბჭომ. როგორია პროტოკოლი და რომელი ვაქცინით აცრილ მოქალაქეს, რომელი ვაქცინის მიღება შეუძლია ბუსტერად.

„ერთადერთი ვაქცინა, რომლითაც ბუსტერ-დოზის გაკეთება არის აკრძალული, „ასტრაზენეკაა“ და აღნიშნული ვაქცინით აცრილი მოქალაქეები, ისე როგორც „ფაიზერით“ აცრილები, ბუსტერ-დოზად გაიკეთებენ „ფაიზერის“ ვაქცინას. რაც შეეხება „სინოფარმს“ და „სინოვაკს“, ამ ვაქცინებით აცრილ მოქალაქეებს შეუძლიათ აირჩიონ ბუსტერ-დოზად კვლავ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, ან „ფაიზერის“ ვაქცინები“, - განმარტავენ სამინისტროში.

ამ დროისთვის არსებული პროტოკოლით, ბუსტერ-დოზის მიღება სურვილის შემთხვევაში, იმუნიტეტის ასამაღლებლად შეუძლია მოქალაქეს, მეორე დოზით აცრიდან 6 თვის შემდეგ, ხოლო საზღვარგარეთ გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, „ფაიზერით“ აცრა შეუძლია მოქალაქეს, მეორე დოზით ნებისმიერ ვაქცინით აცრის შემთხვევაში 28 დღის შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები