მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტიდან სასტიპენდიო პროგრამებისთვის ბოლო ხუთ წელში გამოყოფილი თანხა 43 მლნ ლარს აჭარბებს

61052fad8e89d
BM.GE
31.07.21 15:36
525
6 წელიწადში დაახლოებით 1150 საუკეთესო სტუდენტი შევარჩიეთ და ხელი შევუწყეთ მათ საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიატებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ამ პროექტიდან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაქსიმალური ინვესტიცია ჩავდეთ ჩვენს ყველაზე დიდ აქტივში-ახალგაზრდობაში. ადრეც მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი ფასეულობა არის განათლება და ზოგადად ჩვენი ახალგაზრდობა, ვინაიდან მომავალი გეკუთვნით თქვენ. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ გამორჩეულად ნიჭიერ ახალგაზრდას არ აქვს შესაძლებლობა, რომ სანამ საქართველოში იქნება შესაბამისი სტანდარტების განათლების დონე, სწავლა გააგრძელონ უცხოეთში, უმაღლეს სასწავლებლებში. მე ვიცი რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის სწავლის გაგრძელება უცხოეთში. მე პირადად მაქვს გამოცდილი, ჩემს თავზე, 20 წლის წინ, როცა მე ვსწავლობდი საფრანგეთში, ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ის, რომ სტუდენტი კონცენტრირებული იყოს მხოლოდ საკუთარ განათლებაზე და არ ფიქრობდეს თუნდაც დამატებით ფინანსების მოძიებაზე და აშ.. ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და სწორედ ინსპირაცია თუ მოტივაცია აქედან მივიღე და მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ჩვენ ყველამ ეს პროექტი განვახორციელეთ. ვიმეორებ, 6 წელიწადში 1150 საუკეთესო სტუდენტი იქნა შერჩეული და გაგზავნილი უცხოეთში, რომლებიც დაბრუნდნენ საქართველოში”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი ახალგაზრდა წავიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც ქვეყნისთვის, ჩვენთვის ეს დიდი დანაკლისია, რადგან არ ხდება მათი პოტენციალის,შესაძლებლობების გამოყენება საქართველოს გასაძლიერებლად.

„ჩვენ ყველანი ვმოგზაურობთ, ზოგი მიდის უცხოეთში, რჩება, იღებს გამოცდილებას, მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და ტრაგედიაა, ვინაიდან ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კატაკლიზმები გავიარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით. როცა დაინგრა საბჭოთა კავშირი და ქვეყანამ ხელმეორედ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, მას შემდეგ ძალიან ბევრი საუკეთესო ახალგაზრდა, ნიჭიერი მეცნიერი და სპეციალისტი წავიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენთვის ეს დიდი დანაკლისი და მე ვიტყოდი ტრაგედიაა, რადგან არ ხდება მათი პოტენციალის,შესაძლებლობების გამოყენება ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. ამიტომ, ის ფაქტი, რომ თქვენ ბრუნდებით საქართველოში, ეს არის ძალიან დიდი მოვლენა და ჩემთვის ძალიან სასიხარულო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ სტუდენტებს ხელი შეუწყოს საკუთარი ცოდნის რეალიზებაში.

„მეორეს მხრივ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენ, საკუთარი ცოდნის რეალიზებაში. მაქსიმალურად უნდა გავუღოთ კარი ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს. მე გპირდებით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ, რომ თქვენი ნიჭი სათანადოდ დაფასდეს და თქვენი ცოდნა სათანადოდ იქნას აღიარებული. ამ წლების განმავლობაში 43 მილიონამდე არის დახარჯული. ეს არ არის საკმარისი, ჩვენ შეგვიძლია, ეს ციფრი გავაორმაგოთ მომდევნო წლების განმავლობაში და ბატონ მინისტრთან ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. 1150 უნდა გახდეს 10 000. ეს იქნება ჩვენი ამოცანა, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გავუშვათ უცხოეთში, მანამ, სანამ ბატონი მიხეილი შეძლებს, რომ ის სწავლის დონე და ხარისხი იქნას მიღწეული საქართველოში, რაც ევროპის წამყვან ქვეყნებშია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განათლების საერთაშორისო ცენტრმა წელს 150-ზე მეტი სტიპენდიატი შეარჩია.

განათლების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა. ცენტრი, საქართველოს მოქალაქეებისთვის, სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს, რომლებიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, განათლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში მიიღონ. სახელმწიფო აფინანსებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ასევე ხელს უწყობს საჯარო სამსახურში დასაქმებული მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ, შესაბამის კვლევით თუ პროფესიულ ინსტიტუტებში.

2014-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სასტიპენდიო პროგრამების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა 43 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო ცენტრს ჯამში დაფინანსებული ჰყავს 1 100-ზე მეტი სტიპენდიატი.

ასობით წარმატებული ახალგაზრდა უკვე დაბრუნდა ქვეყანაში და სხვადასხვა მიმართულებით დასაქმდა. ისინი მიღებულ ცოდნას სამშობლოში, სხვადასხვა სფეროში იყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები